იქნება ეს საავადმყოფოთა დეზინფექცია თუ სურსათის მიწოდება, ავტომატონებს თავიანთი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის დამარცხების საქმეში.

ქვემოთ იმ ხუთ რობოტს წარმოგიდგენთ, რომლებიც პანდემიასთან გასამკლავებლად ადამიანების მხარდამხარ ირჯებიან.

1. Boston Dynamics

ფოტო: Edgar Su / Reuters

სინგაპურის პარკებში მოსეირნეებს Boston Dynamic-ის ყვითელი ძაღლი სოციალური დისტანციის დაცვისკენ მიუთითებს. ეს რობო-მაძებარი მრავალი კამერითა და სენსორითაა აღჭურვილი, რათა წესების დამრღვევების იდენტიფიცირება შეძლოს და მათ წინასწარჩაწერილი გამაფრთხილებელი გზავნილი მყისიერად გადასცეს. მთავრობამ მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ეს ოთხფეხა რობოტი პირად მონაცემთა შემკრები მოწყობილობაა სულაც არაა.

2. Starship Technologies

ფოტო: Leon Neal / Getty Images

გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილტონ-კინსში ექსვბორბლიანი რობოტები მშიერ მოსახლეობას მაღაზიაში საკვებზე ეგზავნებიან. ქალაქში არსებული ველოსიპედებისთვის განკუთვნილი გზების ვრცელი ქსელი ამ მუხლებამდე სიმაღლის რობოტთა გადაადგილებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მათი მაქსიმალური სიჩქარე საათში 6.4 კილომეტრია. ისიც აღსანიშნავია, რომ რობოტების მფლობელი კომპანია კრიზისის პერიოდში ეროვნული ჯანდაცვის მუშაკებს პროდუქტის მიტანაში ფულს არ ახდევინებს.

3. UVD რობოტები

ფოტო: IFR International Federation of Robotics / EPA

დანიური კომპანიის ეს რობოტები ჩინეთის საავადმყოფოებში დეზინფექციას ულტრაიისფერი გამოსხივებით ატარებენ. მანქანების მიერ გამოყოფილი UV სინათლე ნებისმიერი მიკროორგანიზმის დნმ-სა და რნმ-ს ანადგურებს. UV-ის ეს თვისება კი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ადამიანებთან სიახლოვეს მისი გამოყენება საშიშია. თუმცა რობოტებს საავადმყოფოების განლაგების შესწავლა შეუძლიათ და სამედიცინო პერსონალის არყოფნის დროს თავიანთ საქმეს დამოუკიდებლად მშვენივრად ასრულებენ.

4. Zora Bots

ფოტო: Xinhua / Rex / Shutterstock

გაერომ რუანდა კომპანია Zora Bots-ის ხუთი ანტიეპიდემიური რობოტით აღჭურვა, რათა ისინი ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებოდნენ. რობოტებს ტემპერატურის გაზომვა, უნიღბო ადამიანების იდენტიფიცირება და პაციენტების ხმასა და გარეგნობაში პათოლოგიური მახასიათებლების გამოვლენა შეუძლია. მათ ასევე ინფიცირებულებისთვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების მიტანის უნარი აქვთ.

5. OhmniLabs

ფოტო: Bbt University / Reuters

იაპონიაში კომპანია OhmniLabs-ის Newme რობოტები იმ სტუდენტთა მაგიერ გამოიყენებიან, რომლებიც კარანტინში ყოფნის გამო გამოსაშვებ ცერემონიაზე დასწრებას ვერ ახერხებენ. ტელეპრეზენსის ფუნქციით აღჭურვილ ამ მანქანებს თავის ნაცვლად ტაბლეტი აქვთ გამობმული, მხრებს კი მანტია უმშვენებთ. თითოეული სტუდენტი Zoom-ის მეშვეობით ახორციელებს ვიდეოზარს, რათა უნივერსიტეტის წარნმომადგენლისგან დიპლომი "მიიღოს". მსგავსი ცერემონია, ოღონდ სტუდენტებისვე შექმნილი რობოტების დახმარებით, ჩინეთის ქალაქ ნანკინშიც მოეწყო.