Apple ინტელის პროცესორებიდან საკუთარ ARM არქიტექტურაზე გადასასვლელად ემზადება
ბლუმბერგის ანგარიშის მიხედვით, კომპანია ეფლი ივნისის ბოლოს დაგეგმილი მსოფლიოს დეველოპერთა კონფერენციის, WWDC 2020-ის ფარგლებში, ინტელის პროცესორებიდან საკუთარი წარმოების ARM არქიტექტურის პროცესორებზე გადასვლას დააანონსებს. COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო ღონისძიება 22 ივნისს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
მაკების ARM პროცესორზე გადასვლის შესახებ ჭორები ქსელში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა ბლუმბერგის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურადაა მიღებული და პირველი ARM არქიტექტურის ბაზაზე მომუშავე მაკი დღის სინათლეს 2021 წელს იხილავს. ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ახალი თაობის მაკისთვის კომპამია სამ ARM ჩიპს ამზადებს, რომელიც შემდეგი თაობის აიფონის A14 პროცესორის ბაზაზე იმუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეფლი ARM-ზე მომუშავე პირველი მაკის გამოშვებას მომდევნო წელს აპირებს, კომპანიამ საკუთარი გეგმები დროულად უნდა გაამჟღავნოს, რათა დეველოპერებმა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ახალ არქიტექტურაზე გადაწყობა მოასწრონ.
ბლუმბერგის ცნობით, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება კომპანიამ იმის შემდეგ მიიღო, რაც ინტელის პროცესორებში წარმადობის ზრდის ტემპი შენელდა. კომპანიის შიდა ტესტირებამ აჩვენა, რომ ARM პროცესორები მაკში ინტელთან შედარებით წარმადობის ბევრად მაღალ ნიშნულს აღწევენ. ამასთან ერთად, ARM პროცესორების ენერგოეფექტიანობა კომპანიას უფრო თხელი და მსუბუქი მაკბუკების წარმოების საშუალებას მისცემს, რომლებიც უცვლელად MacOS-ზე იმუშავებენ.
ბოლოს ეფლმა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2005 წელს მიიღო, როცა სცენაზე გამოსულმა სტივ ჯობსმა PowerPC-დან ინტელის პროცესორებზე გადასვლის გადაწყვეტილება გაახმოვანა. ამ ანონსის შემდეგ ინტელის პროცესორზე მომუშავე ახალი მაკი 2006 წელს გამოჩნდა.
კომენტარები