ტესლას ელექტრომობილების ელემენტის ხანგრძლივობა 2 მლნ. კმ-მდე შეიძლება გაიზარდოს
ავტომობილების ელემენტების მწარმოებელი ჩინური კომპანიის, Contemporary Amperex Technology-ის მიხედვით, იგი მზადაა ისეთი პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც მანქანის ენერგიით მომარაგებას ორი მილიონი კილომეტრის მანძილზე შეძლებს.
თუ ეს სიმართლეა, ელექტრომობილების ელემენტების წარმოებაში უდიდესი გარღვევის მომსწრენი გავხდებით. პოტენციურად, ამგვარმა ელემენტმა იმ ავტომანქანაზე დიდხანს შეიძლება იარსებოს, რომელშიც ის თავდაპირველად დამონტაჟდება.
ამჟამად, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა ისეთ ელემენტებს გვთავაზობს, რომლებსაც ენერგიით უზრუნველყოფა დაახლოებით 100 ათასიდან 160 ათასამდე კილომეტრის მანძილზე შეუძლია.
კომპანიას ჯერ არ განუცხადებია, თუ ვინ გეგმავს ელემენტების მარაგის შეძენას. თუმცა აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ისინი Tesla-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ახალი ელემტის შესახებ ინფორმაცია კომპანიის თავმჯდომარის მიერ Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში გაჟღერდა.
"თუკი ვინმე შეკვეთას მოგვცემს, ჩვენ წარმოებისთვის მზად ვართ", — განაცხადა თავმჯდომარე ჩჟენ იუცუნმა.
Contemporary Amperex Technology-მ თებერვალში ორწლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, რომლის მიხედვითაც, კომპანია Tesla-ს ელემენტებს მიაწოდებს.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. კომპანია Canalys-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროპის ბაზარზე მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე მოთხოვნამ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით მოიმატა.
Canalys-ისვე თქმით, კომპანიის განცხადება ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა მისი გადამოწმება და სიმართლის დადგენა საკმაოდ რთულია.
Tesla-ს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აღსანიშნავია ისიც, რომ Contemporary Amperex Technology ამჟამად გერმანიაზე, კერძოდ კი ქალაქ ერფრუტზეა ფოკუსირებული, სადაც კომპანიის ქარხანა შენდება — გეგმის მიხედვით, 2021 წელს ქარხანა ლითიუმ-იონური ელემენტების წარმოებას დაიწყებს.
კომენტარები