ProductHunt: დაშიფრული და უსაფრთხო ვიდეოზარები — Plasma Rooms
პანდემიისა და სოციალური დისტანცირების პერიოდში, ზუმის და სხვა საკომუნიკაციო პლატფორმების პოპულარობის ზრდასთან ერთად, საქმიანი საუბრების და ზოგადად საინფორმაციო კონფიდენციალობის პრობლემა უფრო გამწვავდა.
ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ახალი დეცენტრალიზებული და გამჭოლი შიფრაციის მქონე საკომუნიკაციო სერვისი Plasma Rooms. აღნიშნული სერვისი სხვებისგან განსხვავებით ვიდეო კონფერენციებისთვის განკუთვნილი ვირტუალური ოთახების შექმნისას არ საჭიროებს რეგისტრაციას.
Plasma Rooms-ს არ გააჩნია აპლიკაცია და ის სრულფასოვნად მუშაობს ვებ ინტერფეისში როგორც დესკტოპ, ისე მობილურ მოწყობილობებზე.
სერვისში მალე გადახდების ჩაშენებული სისტემაც გამოჩნდება, რაც ფასიანი ვებინარების ჩატარებისას მარტივ წუთობრივ ან შესვლისთვის აუცილებელ გადახდების მიღებას უზრუნველყოფს.
ყველაფერი, რასაც მომხმარებლები ვირტუალურ ოთახში გაუზიარებენ ერთმანეთს, იქნება ეს ფაილები თუ ტექსტური შეტყობინება, არ გაივლის შუამავალ სერვერებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი სრულად დეცენტრალიზებულია და თქვენს მონაცემებთან წვდომა ვერავის ექნება. ახალი სერვისი თავს მონაწილეთა ულიმიტო რაოდენობით და შეუზღუდავი დროითაც მოგაწონებთ, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სერვისში ეს ყველაფერი სრულიად უფასოა.
სერვისს უკვე აქვს ინტეგრაცია გუგლის კალენდართან და მომავალში მას იუთუბსა და ფეისბუქზე ვიდეო კონფერენციის ტრანსლირების შესაძლებლობაც დაემატება.
იმისთვის, რომ დაიწყოთ ვიდეო კონფერენცია, საკმარისია შექმნათ ოთახი, გაუზიაროთ მისი ბმული მეგობრებს ან თანამშრომლებს და მხოლოდ ორ დაწკაპებაში დაიწყოთ დაგეგმილი შეხვედრა.
კომენტარები