Apple-მა "სოციალურად დისტანცირებული ჯგუფური სელფების" პატენტი მოიპოვა
Apple-მა "სინთეზური ჯგუფური სელფების" შემქმნელ პროგრამაზე პატენტი მოიპოვა. ეს ფუნქცია სოციალური მედიისთვის ჯგუფური სელფების გადაღებას მაშინაც კი შეგაძლებინებთ, თუ მეგობრებთან შეხვედრას სოციალური დისტანცირების წესების დაცვის გამო ერიდებით.
საპატენტო განაცხადის თანახმად, Apple-ის მოწყობილობის მფლობელს მეგობრების საერთო ფოტოს გადასაღებად ვირტუალურად დაპატიჟება შეეძლება, რის შემდეგაც ახალი ფუნქცია ყველას გამოსახულებას ერთ ფოტოში გააერთიანებს. ჯერეჯერობით უცნობია, ამის გაკეთება iPad-ებზე იქნება შესაძლებელი, iPhone-ებზე თუ ორივეზე.
სელფი შეიძლება შეიცავდეს როგორც უკვე გადაღებულ ფოტოებს, ასევე ლაივსტრიმის დროს დაჭერილ კადრებს. მომხმარებლებს იმის შესაძლებლობაც ექნებათ, რომ ჯგუფურ ფოტოსთან ერთად თავდაპირველი სელფიც შეინახონ ან დაამუშაონ ფოტო სურვილისამებრ: მაგალითად, ადგილი შეუცვალონ კადრში თავიანთ გამოსახულებას.
მართალია, სოციალურად დისტანცირებული სელფის იდეა დღევანდელი სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი ჩანს, ეს კონცეფცია გლობალური პანდემიის გათვალისწინებით არ შემუშავებულა. Apple-მა პატენტზე განცხადება ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანა, თანხმობა კი რამდენიმე დღის წინ, 2 ივნისს მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ან როგორ გადაწყვეტს კომპანია ამ ფუნქციის გამოყენებას.
კომენტარები