კალიფორნიაში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის ფართოდ დაშვების კანონპროექტი დაბლოკეს
იმ დროს, როცა მსოფლიო ამერიკის ქალაქებში პოლიციის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას უყურებდა, კალიფორნიელი კანონმდებლები მთელი შტატის ტერიტორიაზე სახის ამომცნობი ტექნოლოგიის თვალთვალისთვის გამოყენების დასაშვებობას განიხილავდნენ.
სამოქალაქო უფლებედამცველთა კოალიციის ძალისხმევით კანონში აღნიშნული ცვლილება აღარ შევიდა.
მაიკროსოფტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი სენატორმა ედ ჩაუმ წარმოადგინა, რომლის მტკიცებითაც აღნიშნული ცვლილება კომერციულ და სახელმწიფო სტრუქტურებში ტექნოლოგიის გამოყენებას დაარეგულირებდა.
თუმცა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების გაერთიანება (ACLU) მიიჩნევს, რომ "თვალთვალის ინვაზიური სახეობის დაშვება" სამართალდამცავ ორგანოებს და ტექნოლოგიურ კომპანიებს თვალთვალის შესაძლებლობის საკუთარი ნებით გამოყენების უფლებას მისცემს.
ჩაუს თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ჯანდაცვის უწყებები სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას COVID-19-თან ბრძოლისთვის შეძლებენ. თუმცა პოლიციური კონტროლის ირგვლივ არსებული საფრთხეების ზრდასთან ერთად აქტუალური გახდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია ამ ტექნოლოგიით პროტესტანტების თვალთვალსაც შეეცდება.
თვალთვალის საკითხი ჩიხშია
პოლიციურ კონტროლთან დაკავშირებული ეჭვების გარდა, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა აღვივებს დისკრიმინაციას და მისი შინაარსი საკმაოდ ბუნდოვანია, რაც ტექნოლოგიურ კომპანიებს ამ წესების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.
ACLU-ს მტკიცებით, კანონპროექტს შეუძლია სამომავლოდ შექმნას ლეგიტიმური საფუძველი იმისთვის, რომ დასკანირებული სახის გამო მოქალაქეებს გარკვეულ სერვისებსა და საჭიროებებზე წვდომა შეუზღუდონ.
სამოქალაქო თავისუფლებების გაერთიანებას სხვა უფლებადაცმველი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები და მეცნიერ-ტექნოლოგებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს წევრი სამინა უსმანიც, რომელმაც განაცხადა — "თუ ჩვენ დავუშვებთ თვალთვალის ფართოდ გავრცელებას, მივიღებთ უფრო მეტ დეპორტაციას, უსამართლო პატიმრობას, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას."
კალიფორნიელმა კანონმდებლებმა გაიზიარეს სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია და კანონპროექტი ჩავარდა.
კომენტარები