ფეისბუქი ძველი პოსტების მასობრივ წაშლას ამარტივებს
ფეისბუქი აქტივობების მართვის ფუნქციას ამატებს, რომელიც ძველი პოსტების მარტივად წაშლის საშუალებას უზრუნველყოფს.
მისი გამოყენებით მომხმარებელს ცალკეული პოსტების გარდა, მათი მასობრივი წაშლის შესაძლებლობაც ექნება. გარდა ამისა, ფეისბუქის განმარტებით აქტივობების მართვის გვერდზე მომხმარებელი პოსტების გაფილტვრასაც შეძლებს, რითაც მარტივად მოიძებნება ყველა პოსტი, რომელშიც მონიშნულია კონკრეტული ადამიანი ან რომელიც გამოქვეყნებულია დროის გარკვეულ მონაკვეთში.
თავდაპირველად ახალი ფუნქცია სოციალური ქსელის მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება.
სოციალური ქსელის განცხადებით, აღნიშნული ფუნქცია დაგეხმარებათ უფრო ზუსტად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი ისე, როგორებიც ხართ დღეს. მაგალითად, შესაძლოა ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის უკვე მიუღებელია ის მოსაზრებები, რომლებსაც ოდესღაც ვაზიარებდით ან აღარ გვსურს გვხვდებოდეს პოსტები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება.
აქტივობების მართვის გვერდიდან პოსტების წაშლა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ არასასურველი პოსტი სანაგვეში, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ 30 დღის შემდეგ წაიშლება (პოსტის სანაგვიდან წაშლა უფრო ადრეც შეგიძლიათ). გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება პოსტის დაარქივება, რაც მისი ხილვადობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ პოსტების მასობრივი წაშლის მხარდაჭერა ტვიტერს არ გააჩნია, თუმცა ამისთვის მომხმარებლები სხვა არაოფიციალურ სერვისებს იყენებენ. ძველი პოსტების წაშლა მნიშვნელოვანია მათ შორის იმიტომ, რომ ვინმემ არ გამოიყენოს ის თქვენი დისკრედიტაციის მიზნით მაშინ, როცა აღნიშნული პოსტის შინაარსს თქვენ შესაძლოა უკვე აღარ იზიარებდეთ.
აქტივობების მართვის დამატებით ფეისბუქი მომხმარებლებს საკუთარი მონაცემების კონტროლის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
კომენტარები