Google Maps სოციალური დისტანცირების ეპოქისთვის ახალ ბიზნეს ფუნქციებს ამატებს
საკუთარ რუკებში დამატებული ახალი ფუნქციებით გუგლი პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი შემსუბუქება სურს.
ოთხშაბათს კომპანიამ რუკებში ბიზნესის შესახებ ინფორმაციის დეტალებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ამიერიდან გუგლის რუკებზე დატანილი ობიექტების შესახებ ინფორმაციიდან თქვენ გაიგებთ დაკეტილია თუ არა ობიექტი დროებით, ასევე აქვს თუ არა ობიექტს გატანის ან ადგილზე მიტანის სერვისები. Google Maps-ში ობიექტს ასევე სიახლეების გამოქვეყნების საშუალებაც ექნება.
ბიზნესის შესახებ დეტალურ ინფორმაციაში ასევე უზრუნველყოფილია პანდემიასთან დაკავშირებული შეცვლილი სამუშაო საათების დამატების შესაძლებლობაც.
ხოლო თუ რესტორანმა სამუდამოდ გადაწყვიტა ადგილზე კვების გაუქმება, ისინი მაინც შეძლებენ გუგლის ბიზნეს პლატფორმაზე ვერიფიკაციის გავლას. შეგახსენებთ, რომ აქამდე "ვირტუალური სამზარეულოს" ვერიფიკაცია შეუძლებელი იყო.
კიდევ ერთი ცვლილება გუგლის საძიებო სისტემას უკავშირდება, რომელშიც ამა თუ იმ ბიზნესს დონაციის ანგარიშის ბმულის მითითება შეუძლია. თუ გუგლის რუკაზე დატანილი რესტორანი დონაციის რომელიმე პლატფორმის ბმულს დაამატებს, მომხმარებლებს სასაჩუქრე ბარათების შეძენა ან თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ, რათა ბიზნესმა სწრაფი აღდგენა მოახერხოს.
ყველაფერთან ერთად გუგლი უშუალოდ ბიზნესის პროფილიდან ჯავშნის გაკეთების საშუალებასაც იძლევა. აღნიშნული სიახლე ძალიან სასარგებლო იქნება სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის.
ყველა ზემოთაღნიშნული ცვლილება აუცილებელი აღმოჩნდა, რადგან გუგლის რუკების ძველი ინტერფეისი აღარ აკმაყოფილებდა ახალი სოციალური დისტანცირების ეპოქის მოთხოვნებს.
კომენტარები