პირველად, ფოტოზე პლანეტის დაბადების შესაძლო მტკიცებულება აღბეჭდეს
მეცნიერებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ტელესკოპის მეშვეობით ფოტოებზე ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო პლანეტის დაბადების აღბეჭდვა შეძლეს.
ეს საოცარი ფოტოები ვარსკვლავ AB Aurigae-ის სისტემაში, რომელიც დედამიწიდან 520 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, მტვრისა და აირების მორევს, მის ცენტრში კი პატარა მრუდს გვიჩვენებს.
ESO-ს განცხადების მიხედვით, მიმდინარე კვლევა პლანეტის დაბადების შესახებ პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა.
"მეცნიერებს ათასობით ეგზოპლანეტა აღმოუჩენიათ, თუმცა მათი ფორმირების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ჩვენ ახალგაზრდა სისტემებს უნდა დავაკვირდეთ, რათა პლანეტების ჩამოყალიბების მომენტი დავაფიქსიროთ", — განაცხადა კვლევის ავტორმა ანტონ ბოჩალეტემ.
მეცნიერებს სჯერათ, რომ ფოტოს ცენტრში არსებული მრუდი სწორედ ის წერტილია, სადაც პლანეტა შეიძლება ყალიბდებოდეს.
რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა მოახერხეს, რომ ვარსკვლავის გარშემო სპირალურად მბრუნავი აირების სურათები გადაეღოთ. მკვლევრების მიხედვით, ეს ფოტოები პლანეტის ფორმირებას აღწერდნენ, თუმცა ამჟამინდელ ფოტოებზე აღბეჭდილი მრუდი ახალი სამხილია.
"მრუდი ორი სპირალის კავშირს წარმოადგენს, ერთი პლანეტის ორბიტის შიდა მხარეს ეხვევა, მეორე კი გარეთას. საბოლოოდ კი პლანეტის ადგილას ერთდებიან", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ანა დუტიმ.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უფრო მძლავრი ტელესკოპის მეშვეობით ისინი ბევრად კარგ ფოტოებს მიიღებენ, რაც მათ უკეთესად დაკვირვების საშუალებას მისცემს.
"ჩვენ უფრო ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ეხმარება აირების დინამიკა პლანეტებს ჩამოყალიბებაში", — აცხადებს ბოჩალეტე.
კვლევა 20 მაისს, ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები