აღდგენილ ფირზე ტასმანიური ვეფხვის ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი კადრები იპოვეს
ავსტრალიელმა არქივარიუსებმა 1935 წელს, ერთ-ერთი მოგზაურის მიერ შექმნილი მასალა აღადგინეს, რომელიც ტასმანიური ვეფხვის ჩვენთვის ცნობილ უკანასკნელ კადრებს შეიცავს.
კადრებზე მამრი ტასმანიური ვეფხვია აღბეჭდილი, რომელიც გალიაშია მოთავსებული. ეს სცენა 1935 წლის მარტშია გადაღებული, 18 თვით ადრე, სანამ ეს უკანასკნელი ტასმანიური ვეფხვი დაიღუპებოდა. აქამდე ცნობილი უკანასკნელი კადრები კი 1933 წლის დეკემბრით თარიღდებოდა.
ვიდეოები, სადაც ტასმანიური ვეფხვია აღბეჭდილი ძალიან ცოტაა — ჯამში სულ რაღაც 3 წუთი. ახალი კადრები კი ამ რაოდენობას 21 წამს უმატებს.
"ტასმანიური ვეფხვის ამოცნობა მისი ზოლიანი კუდის გამო საკმაოდ მარტივია, იგი ასევე საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგეა. ამჟამად ისინი ძალიან ცოტანი არიან დარჩენილნი, რადგან ცივილიზაციამ მათი ბუნებრივი ადგილსამყოფელი დაიკავა", — ნათქვამია ნაპოვნ ჩანაწერებში.
ცხოველის უკანასკნელი კადრები ავსტრალიელი კინორეჟისორის, სიდნი კუკის მიერ არის გადაღებული. ტასმანიის მთავრობასთან შეთანხმებით, კუკმა პროექტი წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მას ტასმანიის შესახებ კინო უნდა გადაეღო და ავსტრალიის მასშტაბით ყველა არსებულ კინოთეატრში გაეშვა, რათა ტასმანიაში ტურიზმი განევითარებინათ.
პროექტზე მუშაობა 1935 წლის 17 იანვარს დაიწყო და კუნძულის უმეტესი ნაწილი აღიბეჭდა. თუმცა სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ქალაქ ჰობარტში გადაღებულმა კადრებმა მოაღწია, რომელიც ზოოპარკის ვიდეოსაც შეიცავდა, სწორედ ამ ზოოპარკში ცხოვრობდა ტასმანიური ვეფხვიც.
ტასმანიური ვეფხვის ახალი ვიდეო ნამდვილად შესანიშნავია, თუმცა ისეთი კადრები, სადაც ცხოველი ველურ ბუნებაშია არ მოგვეპოვება. ასევე არ არსებობს მისი ფერადი სურათი და არ ვიცით როგორ ხმას გამოსცემდა იგი.
ავსტრალიის გარდა, ტასმანიური ვეფხვები აშშ-ის, გერმანიის, ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებშიც ბინადრობდნენ.
კომენტარები