ახალ ონლაინ თამაშს, რომლის მიზანსაც ბავშვებისთვის პანდემიის დროს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობის ჩვენება წარმოადგენს, მისი გაშვებიდან ორ დღეში უკვე 10 000 მოთამაშე ჰყავს.

Can You Save the World?-ის მოთამაშეებს გადატვირთულ ქუჩებში ადამიანების არიდება, ნიღბების შეგროვება და ხველების თავიდან აცილება ევალებათ. ქულათა საბოლოო ოდენობა კი ამ ქმედებებით გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობას ასახავს.

იდეის ავტორის, ფსიქოლოგ რიჩარდ ვაისმენის თქმით, პანდემიის დროს გარეთ გასვლამ და სოციალური დისტანციის დაცვამ მას თავი ვიდეოთამაშის პერსონაჟად აგრძნობინა.

შემდეგ მან ამ თემასთან დაკავშირებული თამაშის შექმნა გადაწყვიტა და დიზაინერს, მარტინ იაკობს დაუკავშირდა, ორ კვირაში კი მათი ქმნილება მზად იყო.

ფოტო: MARTIN JACOB

"მგონი ეს პირველი თამაშია, რომელიც სოციალურ დისტანცირებას ეხება", — განაცხადა პროფესორმა.

თამაშის მონაწილეებმა სხვა ადამიანები უნდა აიცილონ თავიდან, შეაგროვონ თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობა და ჯანსაღი საკვები.

პროფესორი ვაისმენის განცხადებით, თამაში ამჟამად მხოლოდ ვებ-ბრაუზერებზეა ხელმისაწვდომი და ბავშვებზეა გათვლილი, თუმცა ის ამბობს, რომ მისით მოზრდილებიც ხშირად ერთობიან.