ორეგონში სტრიპტიზ კლუბმა drive-thru აამუშავა – მოცეკვავეები ნიღბებითა და ხელთათმანებით
კორონავირუსის პანდემია ყველას და ყველა ბიზნესს შეეხო. როცა ვამბობ, ყველა ბიზნესს, საერთოდ არ ვუტრირებ. პანდემიის გამო, მსოფლიოს გარშემო უამრავი სტრიპტიზ კლუბი და ბარი დაიხურა: ბიზნესი, რომელმაც ინტერნეტის გამოგონებასთან ერთად პოპულარობა მნიშვნელოვნად დაკარგა, დამატებით ზარალს განიცდის.
ერთი სტრიპტიზ კლუბი ორეგონში, სახელად Lucky Devil Lounge პანდემიას ინოვაციურად შეხვდა:
კლუბის ვიზიტორს სპეციალური მოწყობილი კარვის წინ, სადაც მუდმივად 4 ქალი ცეკვავს და ერთი DJ უკრავს, შეუძლია მანქანა გააჩეროს და სანახაობით დატკბეს, სანამ კლუბის პერსონალი კერძებს და სასმელს ავტომობილში მიართმევს.
სტრიპტიზ კლუბის ინიციატივით, პირველი 50 მანქანა, რომელიც სანახაობისთვის გაჩერდება, საჩუქრად ტუალეტის ქაღალდის რულონს, რაც ბოლო დროს ბევრგან ლამის ფუფუნების საგანი იყო, სრულიად უფასოდ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნესი თანამშრომლების ჯანმრთელობასაც მაქსიმალურად უფრთხილდება. სტრიპტიზის მოცეკვავეები ნიღბებით და ხელთათმანებით ცეკვავენ, დამკვირვებლები კი პატიოსნად მანქანებში სხედან.
ერთი მხრივ სევდიანია, რომ მცირე ბიზნესები მსოფლიოს გარშემო ისეთ გასაჭირში არიან, რომ მსგავსი იმპროვიზაციები უწევთ, მეორე მხრივ კი ნეონის ფერებში განათებული Drive-Thru სტრიპტიზ კლუბი, ფუტურისტული დისტოპიური ანიმეს სცენას ჰგავს.
კომენტარები