ეფლმა ახალი 13-ინჩიანი MacBook Pro წარადგინა
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ეფლმა MacBook Pro სერიის უფრო კომპაქტური, 13-ინჩიანი მოდელის ახალი ვერსია წარადგინა, განახლებული კლავიატურითა და Intel-ის მეათე თაობის პროცესორით.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ეფლისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, ახლა კომპანია მრავალგზის პრობლემურ butterfly კლავიატურის მქონე ლეპტოპებს უკვე ოფიციალურად აღარ ყიდის. 2019 წლის ნოემბერში კომპანიამ 16-ინჩიანი MacBook Pro გამოუშვა, შემდეგ კი MacBook Air. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეფლმა ლეპტოპების ხაზი სრულად განაახლა.
ახალი მაკბუქის საბაზისო ვერსიას ორი Thunderbolt 3 / USB-C შესაერთებელი აქვს, ყველაზე ძვირადღირებულს კი 4. ადგილზეა ტაჩბარიც, Touch ID-ით და, როგორც იქნა, ფიზიკური ESC ღილაკით.
ყველაზე მძლავრ ვერსიაში 16GB-იანი სწრაფი, 3 733-მეგაჰერციანი LPDDR4X მეხსიერებაცაა ხელმისაწვდომი, მისი გაზრდა 32GB-მდეა შესაძლებელი. მახსოვრობა 256GB-იანი ფლეშ-მეხსიერებით იწყება და 4 ტერაბაიტს აღწევს. ეფლის თქმით, ინტელის მეათე თაობის პროცესორებს turbo boost-ით 4,1 მეგაჰერცზე შეუძლიათ მუშაობა, ახალი Intel Iris კი Pro Display XDR-ს სრულ გარჩევადობაზე ამუშავებს (6K).
თუმცა საწყის მოდელში 3 733-მეგაჰერციან მეხსიერებასა და მეათე თაობის პროცესორებს ვერ შეხვდებით, 1 299 დოლარად თქვენ 1,4-მეგაჰერციანი მე-8 თაობის Intel Core i5-ით აღჭურვილ ლეპტოპს შეიძენთ, 8GB მეხსიერებით და 256GB მახსოვრობით.
დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ 16-ინჩიანი მაკბუქის მსგავსად, MacBook Pro-ს კომპაქტური მოდელის ჩარჩოები შემცირდებოდა და მისი ეკრანის ზომა 14 ინჩი გახდებოდა, თუმცა ეს, სამწუხაროდ, სიმართლე არ აღმოჩნდა.
კომენტარები