TikTok უკვე 2 მილიარდჯერ გადმოიწერეს
TikTok მსოფლიო პანდემიის პირობებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ დროისათვის სოციალური ქსელის აპლიკაცია 2 მილიარდჯერ გადმოიწერეს. მხოლოდ ბოლო სამ თვეში კი ის 315 მილიონჯერ გადმოწერეს.
აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვებში არაა გათვალისწინებული ჩინეთში არსებული აპლიკაციების მარკეტების მონაცემები, რადგან ქვეყანაში Google Play Store-ის გამოყენება აკრძალულია. Sensor Tower-ის განცხადებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი სოციალურ პლატფორმას ინდოეთში, ჩინეთსა და აშშ-ში ყავს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გადმოწერილი აპლიკაცია სულაც არ ნიშნავს, რომ პლატფორმას ამავე რაოდენობის აქტიური მომხმარებელი იყენებს.
ასეთი ზრდა მოსალოდნელიც იყო. TikTok-ზე ხშირად ხუმრობენ იმაზე, რომ სოციალური დისტანციისა და პანდემიის გამო მილენიალების თაობა მაინც შემოუერთდა პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რიგებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს სახლში ყოფნისას ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, TikTok ერთადერთი ქსელი არაა, სადაც მომხმარებლების სწრაფი ზრდა შეინიშნება. მაგალითისთვის ბოლო რამდენიმე თვეში Snapchat-ის ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა 11 მილიონი მომხმარებლით გაიზარდა.
კომენტარები