შინაური ცხოველების საკვები, შესაძლოა, რეზისტენტული ბაქტერიების გადამტანი იყოს
ძაღლები და კატები, შესაძლოა, პოტენციურად მომაკვდინებელი რეზისტენტული ბაქტერიის გადამტანები იყვნენ.
გერმანიასა და პროტუგალიაში ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი შინაური ცხოველი ისეთი მიკრობების მატარებელია, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები არიან. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით კი რეზისტენტული ბაქტერია ცხოველებისთვის განკუთვნილ საკვებში, განსაკუთრებით, პოპულარულ უმ პრდუქტებში გვხვდება.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ძაღლის უმი, დაკონსერვებული და მშრალი საკვები გააანალიზეს, რომლებიც ევროპის ბაზარზეა ხელმისაწვდომი. მკვლევრებმა სამივე მათგანში ნაწლავის ბაქტერია აღმოაჩინეს, თუმცა უმ საკვებში მიკრობების დონე ბევრად მაღალი იყო.
მსგავსი ბაქტერია უმი საკვების ცხრავე ნიმუშში იპოვეს, რაც შეეხება დაკონსერვებულ საკვებს, მას 22 ნიმუშიდან მხოლოდ ერთში მიაგნეს, მშრალი საკვების 15 ნიმუშში კი ბაქტერიები არ იყო.
ხოლო ორი ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ცხოველებისა და მათი მეპატრონეების ფეკალიების ნიმუშებზე ჩატარდა, ბაქტერიის ადამიანზე გადაცემა იშვიათად, თუმცა მაინც ფიქსირდება.
კეროლინ ჰეკმენის ჩატარებული კვლევის მიხედვით, კვლევაში მონაწილე 45 ძაღლიდან 23 რეზისტენტული ბაქტერიის მატარებლები იყვენენ. ორი ძაღლის ნიმუშებში ნაპოვნი მიკრობები კი მათი პატრონების ნიმუშებში ნაპოვნი ბაქტერიების შტამებს ემთხვეოდა.
პორტუგალიურ კვლევაში კი, 55 ძაღლიდან ორი ნაწლავის მიკრობს ატარებდა, რომელიც ანტიბიოტიკ კოლომიცინის წინააღმდეგაა რეზისტენტული. ანტიბიოტიკი ბაქტერიული პნევმონიის მკურნალობისას გამოიყენება. ერთ-ერთი ძაღლის მეპატრონე კი ბაქტერიის იმავე შტამის მატარებელი აღმოჩნდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ რა გზით მოხვდა ის ადამიანში.
აღნიშნული კვლევები ევროპის ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის კონგრესზე იქნა წარდგენილი.
კომენტარები