Washington Post-ის გამოქვეყნებულ სტატიაში, ჟურნალისტი იუწყება, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კლასიფიცირებული დოკუმენტები მიაწოდეს, სადაც ამერიკული სამეცნიერო დელეგაცია ოფიციალურ ვაშინგტონს, 2018 წელს ამცნობდა, რომ უხანის ლაბორატორიას უსაფრთხოების არასრულფასოვანი ზომები ჰქონდა მიღებული.

სტატიის მიხედვით, ამერიკელი მეცნიერები შიშობდნენ, რომ უხანის ვიროლოგიის ინსტიტუტის უსაფრთხოებაში არსებული ხარვეზები მეტ ყურადღებას საჭიროებდა.

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ლაბორატორიაში ღამურების SARS-ის მსგავსი კორონავირუსების კვლევა, შესაძლოა, პანდემიის წყარო გამხდარიყო.

ამასობაში FOX NEWS-ის ცნობები, როგორც ჩანს ახალი კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზას მხარს უჭერს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაზვერვა ამ ვერსიას იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ბიოუსაფრთხოების სტანდარტების (BSL) მიხედვით, 4 ტიპის კვლევითი ლაბორატორია არსებობს: პირველი დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია (BSL-1) ისეთ ნივთიერებებს და პათოგენებს იკვლევს, რომელიც ადამიანიანისთვის პოტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონის ლაბორატორია კი უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტებს საჭიროებს, რადგან ასეთ კვლევით ცენტრებში კვლევები ისეთ ვირუსებზე მიმდინარეობს, როგორიცაა ებოლა და ძალიან იშვიათ შემთხვევებში ყვავილის ვირუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოუსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო ხელშეკრულებებით გამყარებული არ არის, ისინი WHO-ს რეკომენდაციებს და მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან. უხანის ვიროლოგიის ინსტიტუტი (WIV) გამონაკლისი არ არის.

ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ახალი კორონავირუსი უხანის ველური ცხოველების ბაზრიდან გავრცელდა

ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, ახალი კორონავირუსი უხანის ველური ცხოველების ბაზრიდან გავრცელდა

ფოტო: REUTERS

აღსანიშნავია, რომ WIV დაფინანსებას ნაწილობრვ აშშ-ისგანაც იღებდა. Washington Post-ის სტატიის ავტორის მიხედვით, უხანის ლაბორატორიისთვის ამერიკელი მეცნიერები დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდნენ.

ამ დროისთვის უცნობია, რა ტიპის უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობდნენ ამერიკელი მეცნიერები. სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერების მომპოვებელი ჟურნალისტი დეტალებს არ გვთავაზობს.

ბევრი შეთქმულების თეორიის ფონზე, მნიშვნელოვანია ვიკითხოთ რამდენად უჩვეულო და საგანგაშო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მიმოწერა, რომელიც უხანის ვიროლოგიის ინსტიტუტის უსაფრთხოების ზომების პრობლემებს ეხებოდა.

მაღალი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიებში შეცდომები, ხდება ხოლმე. 2014 წელს, ვაშინგტონთან არსებულ კვლევით ცენტრში, ყვავილის ვირუსის მასალები წლების მანძილზე კარდონის ყუთებში ინახებოდა. 2015 წელს ამერიკელმა სამხედროებმა სხვადასხვა ამერიკულ და კორეულ სამხედრო ბაზებზე შემთხვევით ანთრაქსის ცოცხალი ვირუსის ნიმუშები გაგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ უხანის ვიროლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსზე მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ვირუსის ამ ოჯახისადმი განსაკუთრებული ინტერესი SARS-ის ეპიდემიის შემდეგ გაჩნდა.

ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით, Sars-Cov-2 ადამიანებში ღამურებიდან გადავიდა

ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით, Sars-Cov-2 ადამიანებში ღამურებიდან გადავიდა

ფოტო: SPL

კინგს კოლეჯის ბიოუსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საბუთი არ არსებობს, რომ Sars-Cov-2 ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გაიპარა. მიუხედავად ამისა, მკვლევარი ამბობს, რომ ბევრი ექსპერტი კორონავირუსის უხანის ბაზრიდან გავრცელების თეორიას სკეპტიკურად უყურებს.

ხუთშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა კორონავირუსის გარშემო არსებულ შეთქმულების თეორიებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ WHO-ს წარმომადგენლები და ექსპერტები უარყოფენ მოსაზრებას, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა, როგორც ამას ერთ-ერთი შეთქმულების თეორია იუწყება.

ახალი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის ჰიპოთეზა, სამეცნიერო საზოგადოებაში მთლიანად უარყოფილია.

მიუხედავად ამისა, ჩინეთს ბევრი მსოფლიო ლიდერი და ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან რეაგირების გამჭვირვალეობის ნაკლებობისთვის აკრიტიკებს.

კორონავირუსი, ისევე როგორც მისი წარმომავლობა დიპლომატიური და პოლიტიკური დავის საკითხიც გახდა. არსებულ ქაოსში, მეცნიერები კულისებს მიღმა მუშაობენ და ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობენ, რაც საკმაოდ რთულია.