კვლევა: სოციალური დისტანცირება, შესაძლოა, 2022 წლამდე გახდეს საჭირო
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სოციალური დისტანცირება, შესაძლოა, იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე გვგონია.
ჰარვარდის მკვლევართა გუნდმა რამდენიმე შესაძლო სცენარის კომპიუტერული მოდელი გააანალიზა და დაასკვნა, რომ აკრძალვების ზედმეტად სწრაფად ან ზედმეტად ადრე გაუქმებამ, შესაძლოა, პანდემიის პიკის შეფერხებას შეუშალოს ხელი, რაც თავის მხრივ ბევრად მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
ამავდროულად, დიდი დროის განმავლობაში მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვა შეძლება საზიანო იყოს. მკვლევართა თქმით, ისეთი მოდელის განხილვისას, რომელიც მკაცრ ზომებს მიმართავდა, სოციალური დისტანცირება იმდენად ეფექტური იყო, რომ მოსახლეობამ იმუნიტეტის გამომუშავება ვერ შეძლო.
"ყველა შესაძლო ვარიანტში, სადაც დისტანცირების ზომების შეჩერება მოხდა, ინფექციამ გამოცოცხლება დაიწყო", — ნათქვამია კვლევაში. ამ პრობლემის გამოსასწორებლად კი მკვლევრებმა ჩანაცვლებადი სოციალური დისტანცირება შემოგვთავაზეს, რომელსაც განსაზღვრული ინტერვალები ექნება.
"დამატებითმა ჩარევებმა კი, რომლებიც კრიტიკული ზრუნვის რესურსების გაზრდასა და ეფექტურ თერაპიას ითვალისწინებს, შესაძლოა, ჩანაცვლებადი სოციალური დისტანცირების წარმატებასა და კოლექტიური იმუნიტეტის შეძენას შეუწყოს ხელი", — წერენ მკვლევრები მოხსენებაში და ასევე გვაფრთხილებენ, რომ "ვირუსის "აფეთქებები", შესაძლოა, 2024 წლამდე გაგრძელდეს".
პროექციების მიუხედავად, მკვლევრები აღიარებენ, რომ მათი კვლევის მეტი სიზუსტისთვის საჭიროა რამდენიმე ფუნდამეტურ კითხვას გაეცეს პასუხი — ვრცელდება თუ არა ვირუსი უფრო სწრაფად ზამთარში ან ზაფხულში? რამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს იმუნიტეტს გამოჯანმრთელებული ადამიანი? როგორი ურთიერთობა ექნება COVID-19-ს სხვა ისეთ ვირუსებთან, რომლებიც ასევე გაციების სიმპტომებს იწვევენ?
მკვლევრების მიხედვით, ვირუსის სამუდამოდ გაქრობის შანსები ძალზედ დაბალია. დიდი ალბათობით იგი ციკლურ სახეს მიიღებს და მოსახლეობაში ყოველ წელიწადში, ორ წელიწადში ან ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ დაბრუნდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინა ვირუსის მიმართ მოსახლეობის იმუნურობის გამომუშავებას დააჩქარებდა, ხოლო ინფიცირებულთა და კრიტიკული ზრუნვის საჭიროების მქონე პაციენტების რიცხვს ბევრად შეამცირებდა.
კომენტარები