ჩინეთი კორონავირუსის წარმომავლობის შემსწავლელ კვლევებზე ცენზურას ამკაცრებს
მთავრობის ოფიციალური დირექტივებისა და ჩინეთში მდებარე ორი უნივერსიტეტის ონლაინ განაცხადის მიხედვით (რომელიც შემდეგ წაშალეს), კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აკადემიური კვლევების გამოქვეყნება მკაცრდება.
იანვრიდან მოყოლებული, ჩინელი მკვლევრები სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში COVID-19-ის შესახებ კვლევებს აქტიურად აქვეყნებდნენ. ზოგიერთი კვლევა კი, რომელიც კორონავირუსის ადრეულ შემთხვევებს ეხება (მაგალითად, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველ დადასტურებულ შემთხვევას), ეპიდაფეთქების შესახებ სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობებს არ ემთხვევა, რაც ჩინეთის მთავრობის მიმართ ეჭვებს აჩენს და მათ მიერ გავრცელებული ცნობების სიზუსტეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ჩინელი სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც COVID-19-ის ანალიზი თებერვალში საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში გამოაქვეყნა, აცხადებს, რომ მის კვლევას მსგავსი საკონტროლო დათვალიერება არ გაუვლია.
ახალი წესების მიხედვით, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა ნაშრო გამოქვეყნებამდე საკონტროლო დათვალიერებას გაივლის. ის კვლევები კი, რომლებიც უშუალოდ ვირუსის წარმომავლობას ეხება, მკაცრად შემოწმდება, გამოქვეყნებისთვის კი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები ნებართვა იქნება საჭირო.
ერთ-ერთი ჩინელი მკვლევრის აზრით, (რომელიც სამაგიეროს გადახდის შიშის გამო ანონიმურობას ინარჩუნებს) აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებს ხელს შეუშლის.
"ვფიქრობ, აღნიშნული ზომები ჩინეთის მთავრობამ საერთო სურათის გასაკონტროლებლად მიიღო. მათ სურთ, რომ მოვლენები ისე დახატონ, თითქოს ვირუსის გავრცელება ჩინეთში არ დაწყებულა. არ მგონია, რომ ისინი ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებული კვლევების მიმართ ტოლერანტულად იყვნენ განწყობილნი", — აცხადებს მკვლევარი CNN-თან ინტერვიუში.
განათლების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიეების განყოფილების მიხედვით, "აკადემიური ნაშრომები, რომლებიც ვირუსის წარმომავლობას ეხება მკაცრად გაკონტროლდება".
დირექტივის მიხედვით, აკადემიურმა ნაშრომმა დასამტკიცებლად რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს, პირველი ეტაპი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოა. COVID-19-ის შესახებ ნაშრომებს უნივერსიტეტებში არსებული აკადემიური კომიტეტი "აკადემიური ღირებულებისა" და გამოსაცემად "შესაბამისი დროის" გათვალისწინებით შეისწავლის.
შემდეგ ნაშრომი განათლების სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განყოფილებას უნდა გადაეგზავნოს, რომელიც კვლევას განსახილველად, თავის მხრივ, ქვეყნის სამთავრობო საბჭოს გადასცემს. გამოქვეყნების უფლება კი მხოლოდ ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ გაიცემა.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა CNN-თან საუბრის დროს დირექტივის გამოცემა დაადასტურა. მისი თქმით, "ეს საჯაროდ გასავრცელებელი რამ არ არის — ის შიდა დოკუმენტია".
დოკუმენტი პირველად 10 აპრილს ფუდანის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა იგი მალევე წაიშალა. მეორე უნივერსიტეტი, რომელმაც მსგავსი მოხსენება გამოაქვეყნა, უხანში მდებარე დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტია. მოხსენება ამ შემთხვევაშიც მალევე წაიშალა, თუმცა მისი ასლი შენახულია.
დეკემბრის ბოლოს უხანში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, რომელიც ქალაქში არსებულ ცხოველების ბაზარს უკავშირდება. მკვლევრების მიხედვით, ვირუსი ღამურებიდან მომდინარეობს, ადამიანამდე კი მან გადამტანი ცხოველის საშუალებით მოაღწია.
ჩინურმა სოციალურმა ქსელებმა და სახელმწიფომაც კი ვირუსის წარმოშობის შესახებ გარკვეული კითხვების დასმა დაიწყეს. ოფიციალური წარმომადგენლებისა და სახელმწიფო მედიის განცხადებით, ვირუსის ზუსტი წარმომავლობა უცნობი იყო. ასევე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ვირუსი რეალურად აშშ-ში წარმოიშვა, ჩინეთში კი იგი მათი შეიარაღებული ძალების გამო აღმოჩნდა.
ვაშინგტონში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გლობალური ჯანდაცვის საკითხების უფროსი თანამშრომელი, იენცონგ ჰუას განცხადებით, კორონავირუსი ჩინეთისთვის პოლიტიკურად მგრძნობიარე თემად იქცა.
"გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევების გაკონტროლებას გეგმავს, ამ შემთვევაში სხვადასხვა მიგნება ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებულ მათ საერთო ნარატივსა და სახელმწიფოს რეაგირებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს", — აცხადებს პროფესორი ჰუა CNN-თან ინტერვიუში.
კომენტარები