რას ფიქრობს თქვენი ძაღლი? — ახალი AI მის ყეფას გადათარგმნის
თუკი ოდესმე დაინტერესებულხართ რა ხდება თქვენი ძაღლის გონებაში, ახალი AI სისტემა ამას მისი ყეფის მოსმენით გეტყვით.
სისტემა მალე Furbo-ს, ინტერაქტიულ კამერას დაემატება, რომელიც ოთხფეხა მეგობართან საუბრისა და მისი სასუსნაოებით დაჯილდოვების საშუალებას გაძლევთ. მთელი დღის განმავლობაში, როდესაც სახლში არ იმყოფებით, აპლიკაციის საშუალებით Furbo თქვენი ძაღლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასაც გაწვდით — აკვირდება, უღებს ფოტოებს და თუკი ის ყეფს, ამის შესახებ შეტყობინებას გიგზავნით.
ახალ AI-ს, რომელსაც Furbo-ზე მალე ვიხილავთ, ყეფის სხვადასხვა ტიპის დადგენა და უჩვეულო ქცევის ნიშნების ამოცნობა შეუძლია. აღნიშნული ალგორითმი ათასობით ვიდეო მონაცემით გაწრთვნეს, რომლებიც Furbo-ს მიერ იყო გადაღებული.
კომპანია Tomofun-ის (Furbo-ს მწარმოებელი) მენეჯერის, ენდრიუ ბლეიმანის თქმით, ძაღლის ყოლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი საფრთხის შეტყობინების უნარია.
"ჩვენ არა მხოლოდ იმას გეტყვით ყეფს თუ არა თქვენი ძაღლი, არამედ იმასაც თუ რომელ ემოციას გამოხატავს ყეფის დროს — მოწყენილია, გაბრაზებული თუ უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს", — აცხადებს ბლეიმანი.
Furbo ერთადერთი არაა, რომელიც შინაური ცხოველების ბიზნესში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ძირითადად, სხვადასხვა კომპანია AI სისტემებს იმ პატრონებისთვის იყენებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებიან. ჭკვიანი კამერების დახმარებით კი საკუთარ შინაურ ცხოველზე დაკვირვება შესაძლებელი ხდება.
Furbo ძირითადად ძაღლებზე კონცენტრირდება, თუმცა არსებობს ისეთი კომპანიები, რომელებიც ხელოვნურ ინტელექტს კატის პატრონებისთვის გვთავაზობენ. Felik ერთ-ერთი ასეთი სისტემაა.
მაშინ, როდესაც კატები სახლში მარტო რჩებიან, ისინი მთელი დღის განმავლობაში მოწყენილები ან პირიქით, ჰიპერაქტიურები ხდებიან და ნივთების გაფუჭებას იწყებენ. Felik სახლში დარჩენილ კატებს ლაზერის მეშვეობით ეთამაშება, პროცესის მართვა და დაკვირვება კი აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. ასევე, სისტემისთვის აკრძალული ზონების მიმითებაც შეგიძლიათ, სადაც ლაზერი არ მიანათებს და კატებს თქვენი ნივთების გაფუჭების ნაკლები შანსი ექნებათ.
კომენტარები