მსოფლიოში ვებ-კამერების დეფიციტია — მათი ფასი რამდენჯერმე გაიზარდა
ლეპტოპების უმეტესობაში ჩამონტაჟებულ კამერებს ვხვდებით, თუმცა თუ პერსონალური კომპიუტერიდან მუშაობთ ან უბრალოდ გსურთ, რომ ლეპტოპის ვიდეოთვალის ხარისხი გააუმჯობესოთ, ვებ-კამერა საკმაოდ გამოსადეგი რამაა. თუმცა პანდემიის პირობებში მისი შეძენა გაგიჭირდებათ.
ახლა უამრავი ადამიანი სახლიდან მუშაობის რეჟიმზეა გადასული, NPD Group-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტის პირველი სამი კვირის განმავლობაში ვებ-კამერების გაყიდვები 179 პროცენტით გაიზარდა.
Logitech-ის პოპულარული ვებ-კამერების მარაგები Amazon-ზე და სხვა პოპულარულ ქსელებში სრულად ამოწურულია. Logitech-ის წარმომადგენელმა The Verge-თან საუბარში განაცხადა, რომ ისინი წარმოების მასშტაბის გაზრდაზე მუშაობენ, რათა დისტანციური მუშაობისთვის საჭირო ხელსაწყოები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.
Amazon-ზე გადამყიდველების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებსაც შეხვდებით. მაგალითად, Logitech C270-ის ფასი, რომელიც ჩვეულებრივ $24,99 ღირს, ახლა $130-მდეა გაზრდილი.
უფრო ძვირიანი ($129,99) მოდელის, C930E-ს ფასი $100-ითაა გაზრდილი. რამდენიმე წლის წინანდეილ C920 კი $200-ზე მეტი ღირს.
პანდემიის პირობებში კომპიუტერულ ტექნიკაზე დიდი მოთხოვნაა, დეფიციტი ასევე შეეხო მონიტორებს და სხვა აქსესუარებსაც, თუმცა მაღალი მოთხოვნა ყველაზე შესამჩნევი ვებკამერების შემთხვევაში აღმოჩნდა.
კომენტარები