სკოლები დაცარიელებულია, თუმცა დისტანციური სერვისების გამოყენებით სწავლა გრძელდება. ნიუ-იორკის სკოლებში კი ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისის, Zoom-ის გამოყენება აიკრძალა.

"უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს სტუდენტებს უსაფრთხო დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ, დამატებითი მოკვლევის შემდეგ კი გადაწყდა, რომ სკოლებმა Zoom-ის გამოყენება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყვიტონ. დისტანციური სწავლების შესახებ ახალი ცნობები მუდმივად ჩნდება და მიმდინარე რეჟიმში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, რათა ჩვენი თანამშრომლები და სტუენტები დავიცვათ", — განაცხადა ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დანიელა ფილსონმა.

Zoom-ის ნაცვლად ნიუ-იორკის სკოლებში Microsoft Teams-ის გამოყენებას დაიწყებენ, რომელსაც, დანიელას თქმით, ზუმის მსგავსი შესაძლებლობები აქვს, ოღონდ მეტი და ადეკვატური უსაფრთხოებით.

აკრძალვა 1 800 სკოლას და 1,1 მილიონ სტუდენტს შეეხება.

ბოლო დროს Zoom უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით კრიტიკის სამიზნე გახდა. პარასკევს Zoom-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ვიდეოზარების ჩინეთის გავლით გატარების გამო ბოდიშიც მოიხადა, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ეს ჩინეთის მთავრობას ზარებზე მიყურადების საშუალებას მისცემდა.

ზუმი ასევე ირწმუნებოდა, რომ სერვისი დაშიფრულ ფორმატში (end-to-end encryption) ოპერირებდა, რაც სიცრუე აღმოჩნდა. კომპანიამ ამის გამო ბოდიში მოიხადა.

ზუმმა ასევე შეცვალა საწყისი პარამეტრები და ახლა ვიდეოზარებს პაროლი ავტომატურად ედება, ეს მას შემდეგ, რაც ტროლებმა უცხო ადამიანების ვიდეოზარებში თვითნებურად ჩართვა დაიწყეს.