ყოფილი ასტრონავტების რჩევები — როგორ გავუმკლავდეთ იზოლაციას
თუკი არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან განშორებას და შებოჭილ გარემოში მუშაობას, მათ რიგებში ასტრონავტები ნამდვილად იქნებიან. თავდაპირველი კოსმოსური მისიებიდან დაწყებული — როცა საფრენი კაფსულები ასტრონავტებსა და მათ აღჭურვილობას დიდი გაჭირვებით იტევდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ISS-ზე რეკორდული დროების გატარებით დასრულებული, ეს ადამიანები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და ემოციური წნეხის ქვეშ ყოფნაში საუკეთესოდ არიან გავარჯიშებულნი.
ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნასაში სულ მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რა ზეგავლენას ახდენს ასტრონავტის ფსიქიკაზე კოსმოსში დიდი ხნით გაჩერება. ჯერ კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იტანს ადამიანი კოსმოსში გატარებულ დროს. ეს კი მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასტრონავტები ISS-ზე უკვე ხანგრძლივად რჩებიან, მომავალში კი რამდენიმეკვირიანი და თვიანი მთვარისა და მარსის მისიებიც იგეგმება — რომ აღარაფერი ვთქვათ კოლონიზაციის პერსპექტივაზე.
"იზოლაცია და კარჩაკეტილობა გადაჭედილ სივრცეში მარტოსულად ყოფნას ჰგავს და ეს შეგრძნება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძაფრდება", — ამბობს დოქტორი ბილი პალონსკი, ნასას ადამიანების კვლევის პროგრამის დირექტორი, — "რაც უფრო მეტ დროს ატარებს პირი ასეთ გარემოში, სულ მეტად იზრდება უფრო და უფრო დიდი პრობლემების გაჩენის რისკიც".
იმისათვის, რომ უკეთ ჩასწვდომოდნენ ამ ტიპის პოტენციური პრობლემების არსს და ასტრონავტები კოსმოსში გასამგზავრებლად უკეთესად შეემზადებინათ, ნასამ ჰავაის ვულკანური მთის, მაუნა-კეას ფერდობზე HI-SEAS მისია დააფინანსა. საგანგებოდ შერჩეული ადგილი მარსის გარემოსთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ პირობებს ქმნის. მისია მონაწილეებს რეალისტური სიმულაციის გამოცდის საშუალებას აძლევდა და წარმოდგენას უქმნიდა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ასტრონავტების ცხოვრება მარსზე. ექვსი მისიიდან, რომლებიც 2013 წლიდან 2018 წლამდე განხორციელდა, თითოეული 4-6 კაციანი ჯგუფისგან შედგებოდა. მონაწილეები ერთ წლამდე პერიოდში იზოლაციაში იმყოფებოდნენ და გამძლეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
ნასა ერთადერთი არ ყოფილა, რომელმაც ასეთ ხერხს მიმართა. ჯერ კიდევ 2007-2011 წლებში მოხალისეთა სამი ჯგუფი მარსის სიმულაციურ პროექტში, Mars-500-ში მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის, ჩინეთისა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდებოდა. ასევე, 2019 წლის მარტში საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის მონაწილეებს დედამიწაზე არსებული უნიკალური სადგურის, (SIRIUS)-18/19-ის პროექტის ფარგლებში იზოლაციაში ყოფნა ოთხი თვით მოუწიათ. ჩინეთმა კი ექსპერიმენტების სერიები Lunar Palace 1 სიმულაციურ მთვარეზე განახორციელა და მასში მონაწილეობა მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა მიიღეს.
ეს ყველაფერი ნათელს ხდის, რომ ასტრონავტებს კარგად ესმით, რას ნიშნავს, იცხოვრო იზოლაციაში, დაიცვა ფიზიკური დისტანცია და ისედაც შეზღუდულ საცხოვრებელ ადგილას შეზღუდული რესურსებით იყო აღჭურვილი. მიმდინარე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც მსოფლიოში საზღვრები იკეტება და კარანტინის გამო ადამიანები სახლებიდან ვერ გადიან, ვინ შეიძლება, უკეთეს მრჩევლებად მოგვევლინოს, თუ არა ეს ექსპერტები?
ამიტომაც გთავაზობთ რჩევებს ორი ასტრონავტისაგან იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფსიქიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
1. კონცენტრირდით მომავალზე და შეიქმენით რეალისტური მოლოდინები
"კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში და გულახდილად შეაფასეთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით", — გვირჩევს დოქტორი ლეროი ჩიაო, რომელსაც სხვადასხვა მისიის ფარგლებში კოსმოსში მთლიანობაში 229 დღეზე მეტი აქვს გატარებული, — "იფიქრეთ, რა რესურსებს ფლობთ და დაახლოებით რამდენი ხნით მოგიწევთ ამ სიტუაციასთან გამკლავება. ეს ფსიქიკური მზაობის მიღწევაში ხელს შეგიწყობთ".
ნასას ასტრონავტები, როგორც წესი, ზუსტად ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი მისია და რა რესურსები ექნებათ. ამ კუთხით ისინი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ჩვენ დედამიწაზე ისიც კი არ ვიცით, როდის გამოვალთ სახლებიდან და როდის დავასრულებთ ფიზიკური დისტანციის დაცვის რეჟიმში არსებობას.
დოქტორი ჩიაო გვიზიარებს ისტორიას, თუ როგორ ამზადებდა თავს ფსიქიკურად იმ ექვსთვენახევრიანი მისიისათვის, რომელზეც უეცრად გაიგო, რომ თურმე თორმეტ თვემდე გახანგრძლივდებოდა. ასე რომ, გაურკვევლობის შეგრძნება მისთვისაც კარგად ნაცნობია: "ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან მთელი სამწელიწადნახევრიანი შრომა მხოლოდ ექვსთვიანი მისიისთვის მოსამზადებლად გავწიეთ. ეს მაგალითი კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ ახერხებს გაურკვევლობა ჩვენი მოლოდინების თავდაყირა დაყენებას".
ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო მიზანზე კონცენტრირება პერსპექტივის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მაგალითისათვის, ასტრონავტებს საშუალება აქვთ, დედამიწას უყურონ და ამ გზით არ დაავიწყდეთ, რას ემსახურება მათი მისია. ამ პლანეტაზე მყოფებს კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თვითიზოლაციის მდგომარეობა სხვების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, რაც არანაკლებ დასაფასებელი მისიაა.
თუ გინდათ იცოდეთ, რას ხედავენ ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ამ მომენტში, ამისათვის ნასა პირდაპირ ტრანსლაციას გვთავაზობს.
2. დაკავდით საქმეებით და გონება არ მოადუნოთ
ნასას ყოფილ ასტრონავტს და ჰაბლის ტელესკოპის ტექნიკური ჯგუფის ხელნმძღვანელს, დოქტორ ჯონ გრანსფელდს კოსმოსში 59 დღე აქვს გატარებული. იგი აღნიშნავს, რომ ერთი უპირატესობა, რაც ასტრონავტებს იმ ადამიანებთან მიმართებაში აქვთ, რომლებიც დღევანდელი ფიზიკური იზოლაციისა და დისტანციური მუშაობის წესებს ემორჩილებიან, ისაა, რომ ნასა ახერხებს, მის ასტრონავტებს საქმე ყოველთვის თავზე საყრელად ჰქონდეთ.
"კოსმოსში მყოფი ასტრონავტების ყოველი დღის თითქმის ყოველი წუთი მკაცრად გაწერილია", — ამბობს დოქტორი გრანსფილდი, — "როდესაც იზოლირებულები ვიყავით, დედამიწასთან მუდმივ კონტაქტს ვინარჩუნებდით. თუმცა ხანდახან ეს კონტაქტი იმდენად დამღლელი იყო, რომ ვოცნებობდით, მათ რაც შეიძლება მალე დავეტოვებინეთ მარტო და საქმე მშვიდად დაგვემთავრებინა".
აი, მათ კი, ვინც დედამიწაზე ვართ, დოქტორი გრანფელდი ასეთ რეკომენდაციას გვაძლევს: "ახალი პროექტი წამოიწყეთ ან საკუთარ თავს გამოწვევა მოუწყვეთ და ისეთი საქმით დაკავდით, რისთვისაც ადრე დროს ვერ პოულობდით. აითვისეთ ახალი უნარი და დრო ნაყოფიერად გამოიყენეთ".
3. არ მოადუნოთ სხეული
"საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განხორციელებული აქტივობებიდან გონებისა და სხეულის გამაჯანსაღებელი ვარჯიშები არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს", — ამბობს დოქტორი გრანსფელდი. დღეში რამდენიმესაათიანი ვარჯიში ასტრონავტებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. ამით ისინი ფიზიკურ ფორმასაც ინარჩუნებენ და ფსიქოლოგიურ სარგებელსაც იღებენ, რადგან ყოველდღიური ვარჯიში მათ დეპრესიის დაძლევასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუბებაში ეხმარება.
მართალია, დღეს მსოფლიოში საზღვრები იკეტება და ხალხს თვითიზოლაციაში ყოფნა უწევს, თუმცა სანამ ფიზიკური დისტანციის დაცვის პირობებში მაინც გვაქვს გარეთ გასვლის უფლება, კარგი იქნება, თუ ისეთ ადგილას გაისეირნებთ, სადაც ხალხი ნაკლებად მოძრაობს. "ეცადეთ, რომ ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ. თუ შესაძლებელია, ფიზიკური დისტანციის დაცვით, გარეთაც გადით", — გვირჩევს დოქტორი გრანსფელდი.
4. მოაწესრიგეთ მოწყობილობები და შეიქმენით კომფორტი
კოსმოსში ასტრონავტების სიცოცხლე თავიდან ბოლომდე ხომალდის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. კოსმოსური ხომალდის მეთაურის, კრის ჰადფილდის წიგნი, ასტრონავტის რჩევები დედამიწაზე ცხოვრებისათვის, კოსმოსში არსებულ რისკებსა და იქაურ ცხოვრებაზე რამდენიმე საინტერესო ამბავს გვიყვება. ეს ისტორიები ზოგს შეიძლება გაზვიადებული და დედამიწაზე ცხოვრებასთან შეუსაბამო მოეჩვენოს, მაგრამ ის რჩევა, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო მოწესრიგებული უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით ყურადსაღებია ახლა, როცა სახლში გაცილებით დიდი დროის გატარება გვიწევს.
"დარწმუნდით, რომ თქვენი ნივთები მწყობრშია და ყველაფერი, რაც თქვენ გარშემოა, თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ", — ამბობს დოქტორი ჩიაო, — "დარწმუნდით, რომ მოწყობილობები გამართულად მუშაობს და თუ რაიმე გაფუჭდება, მაშინვე იზრუნეთ მის შეკეთებაზე".
დედამიწაზე მაცხოვრებლებისათვის გასაგები ენით ეს ნიშნავს იმას, რომ შევამოწმოთ, როგორ მუშაობს ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა მადუღარა და სარეცხი მანქანა. შევამოწმოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება სახლის ჭერი და გაუძლებს თუ არა ის მომდევნო წვიმიან დღეს. თუ სახლს დამატებით კომფორტულ შტრიხებსაც შესძენთ — მაგალითად, ახლადმოკრეფილ ყვავილებს ჩააწყობთ ვაზაში ან სანთლებს აანთებთ — შინ ყოფნა მეტად სასიამოვნო გახდება.
ის, რაც ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ოჯახის თითოეული წევრის პირადი სივრცის ქონაზე ზრუნვაა. "საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩვენ ვისწავლეთ, რომ აუცილებელია, ეკიპაჟის თითოეულ წევრს ისეთი პირადი სივრცე ჰქონდეს, სადაც შეეძლება, ოჯახის წევრების ფოტოსურათები განათავსოს და საჭიროების შემთხვევაში განმარტოვდეს", — გვიზიარებს გამოცდილებას დოქტორი გრანსფელდი, — "ადამიანები, რომლებსაც პანდემიის პირობებში საცხოვრებელი ადგილის სხვებთან გაზიარება უწევთ, უნდა ეცადონ, რომ დროის რაღაც მონაკვეთი მხოლოდ თავიანთ თავს დაუთმონ და ამით ტვინი სოციალიზაციისგან ცოტა ხნით შეასვენონ".
5. მოიმარაგეთ საკვები, მაგრამ ნორმის ფარგლებში
ალბათ ეს ფრაზა თქვენთვის უკვე კარგად არის ნაცნობი, მაგრამ მაინც გავიმეორებთ — შეწყვიტეთ ტუალეტის ქაღალდების, კვერცხებისა და სხვა სურსათის უაზრო რაოდენობით ყიდვა.
"ძალიან გთხოვთ, ეცადეთ, რომ პანიკურ შესყიდვებს მოერიდოთ, რადგან ეს არაფერში დაგეხმარებათ და ამით სხვებსაც დააზარალებთ", — გვირჩევს დოქტორი ჩიაო, — "მართალია, სურსათის მარაგის ქონა პანდემიის პირობებში აუცილებელია, მაგრამ თუ ადამიანები მხოლოდ იმ რაოდენობის საკვებს შეიძენენ, რაც საჭიროების ფარგლებს არ სცდება, პროდუქტის დეფიციტისგანაც დაცულები ვიქნებით".
და რაც შეეხება კორონავირუსის გამო შეძენილი უამრავი სასუსნავის ერთბაშად შეჭმას, ამ საფრთხისგან მხოლოდ მაშინ იქნებით დაცულები, თუ მსგავს არაჯანსაღ პროდუქტს საერთოდ არ შეიძენთ: "ასეთია ადამიანის ბუნება. თუ ბევრს ფლობთ, ბევრსაც მოიხმართ". ამიტომაც კალათაში ჩაყრილი ტკბილეული, კრეკერები და ღვინის ბოთლები მაღაზიის თაროებზევე დააბრუნეთ და გაშორდით იქაურობას.
6. დაამყარეთ კომუნიკაცია
თავდაპირველი მისიების დროს ასტრონავტები გარესამყაროსთან კომუნიკაციას შეზღუდულად აწარმოებდნენ. მათ იმეილების მიღება ყოველ რვა საათში ერთხელ შეეძლოთ (სიმართლე ითქვას, სამუშაო იმეილების მხოლოდ ყოველ რვა საათში ერთხელ მიღებაზე არც დედამიწაზე იტყოდა ვინმე უარს), ხოლო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტერნეტის მეშვეობით აუდიოზარების განხორციელება სატელიტების ადგილმდებარეობაზე იყო დამოკიდებული.
დღეს კი ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას შესაძლებლობა აქვთ, რომ დედამიწასთან კავშირი ნებისმიერ დროს დაამყარონ. ეს მათ იზოლაციისაგან გამოწვეული მარტოსულობის შეგრძნების შემსუბუქებაში ეხმარებათ. "ბოლო წლებია, რაც უკვე ISS-ზე ყოფნისას იმეილების გაგზავნა-მიღებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი", — ამბობს დოქტორი ჩიაო, — "წვდომა ინტერნეტთანაც გვაქვს და ამიტომ იზოლაციაში ყოფნა იმდენად დამთრგუნველი აღარაა, როგორიც ადრე იყო".
დოქტორი გრანსფელდის რეკომენდაციით, დედამიწაზეც ასევე უნდა მოვიქცეთ: "ხშირად ეკონტაქტეთ საყვარელ ადამიანებს — რა თქმა უნდა, ვირტუალურად".
7. გაანებივრეთ ერთმანეთი და შეიქმენით სულიერი სიმშვიდე
იუმორი, სასაცილო მიმების გაგზავნა, პატარა სასიამოვნო სიურპრიზები და ისეთი მცირე ტექსტური გზავნილები, როგორიცაა "მომენატრე. იმედია, კარგად ხარ", ფიზიკური დისტანციით გამოწვეულ დისკომფორტს შეგიმცირებთ.
"დედამიწის იმ ნაწილებს ვუღებდი ფოტოსურათებს, რომლებზეც ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისა თუ მეგობრებისთვის რაღაც დატვირთვა ექნებოდა. მერე ამ ფოტოებს იმეილით ვუგზავნიდი და ამ გზით ვახალისებდი მათ", — გვიზიარებს გამოცდილებას დოქტორი ჩიაო, — "შემდეგ ისინიც მიგზავნიდნენ ფოტოსურათებსა თუ პატარა ვიდეოებს და ეს სულიერ საზრდოს მაძლევდა".
დიახ, თუ ადამიანების ნახვა პირადად არ შეგიძლიათ, საყვარელი ფისოს ფოტოსურათებისა და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით მათ გამხიარულებას მაინც მოახერხებთ. ასევე ცუდი იდეა არაა, თუ ახლობლებს ამაზონიდან გამოუწერთ საჩუქრებს და მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს ვიდეოზარებით რეგულარულად დაეკონტაქტებით.
კომენტარები