მრავალი ინფექციური დაავადება სეზონურია — თუმცა კორონავირუსზე ამას ვერ ვიტყვით
COVID-19, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსისგან განსხვავდება, თუმცა მიმდინარე პანდემიის ფონზე ადამიანთა გარკვეულ ნაწილს იმედი აქვს, რომ ამ ორ დაავადებას ერთი მნიშვნელოვანი საერთო თვისება ექნება — სეზონურობა.
ინფექციურ დაავადებათა საკმაოდ დიდი ნაწილი სეზონების ცვლილებებთან ერთად ქრება ან ჩნდება, მაგალითად, გრიპი ცივ ამინდშია გავრცელებული, ქოლერა კი თბილ, წვიმიან ზაფხულში გვხვდება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ახდენს თუ არა გავლენას სეზონების ცვლილება SARS-CoV-2-ზე, რადგან მეცნიერებს მისი სეზონურობის დასადგენად საკმარისი დრო არ ჰქონიათ.
როგორც წესი, აფეთქებები მსგავსი სცენარით ვითარდება ხოლმე: პირველად, როდესაც მოსახლეობაში ახალი ინფექციური დაავადება გამოჩნდება, თავიდან მას მძიმე შედეგები მოჰყვება — გამომდინარე იქიდან, რომ იგი წარსულში არავის ჰქონია, მოსახლეობაში მის წინააღმდეგ იმუნიტეტი არავის აქვს. ასეთ ხელსაყრელ პირობებში კი ვირუსი თვეების განმავლობაში, ამინდის მიუხედავად გრძელდება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა მიკაელა მარტინესმა 2018 წელს დაახლოებით 70 ინფექციური დაავადება შეისწავლა და დაადგინა, რომ თითოეულ მათგანს სეზონური აღმასვლები და დაღმასვლები ახასიათებდა. მარტინესის თქმით, სეზონებს განსხვავებული დაავადებები ახასიათებთ, ზამთარში პნევმონია, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები ვრცელდება, გაზაფხულზე ჩუტყვავილა და ჰერპესი, ზაფხულში პოლიომილიტი და სიფილისი, შემოდგომაზე კი ყვითელი ციებ-ცხელება.
ამ დაავადებების სეზონურობაზე სწორედ გარემო ახდენს გავლენას, მაგალითად, ზოგიერთი ვირუსი — მათ შორის გრიპი და SARS-CoV-2 მყიფე გარსითაა გარშემორტყმული, ასეთი აღნაგობა მათ ვირულენტურობას და მკაცრი გარემო პირობებისადმი (სიცხე, ულტრაიისფერი სინათლე) მოწყვლადობას განაპირობებს.
SARC-CoV-2-ს რამდენიმე ისეთი თვისება შეიძლება გააჩნდეს, რაც ოდესმე მას ალბათ სეზონურს გახდის. ასეთ შემთხვევაში, როდესაც პათოგენი მოსახლეობაში დაბრუნდება, ინფიცირების შემთხვევები პიკს ცივი და მშრალი ამინდის დროს მიაღწევს, თუმცა ამჟამად ზაფხულში მისი გაქრობის იმედი აზრს მოკლებულია.
პანდემია კვლავ გრძელდება და ახლა ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის ჰიგიენის დაცვა და თავშეყრის ადგილების თავიდან არიდება ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ვირუსის გავრცელებისას კონტაქტი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მას დაავადების მასშტაბურობაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, ფიზიკური კონტაქტის შემცირებას პანდემიის შეჩერება შეუძლია", — განაცხადა მარტინესმა.
კომენტარები