აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ორშაბათს პირველ მოხალისეს კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინა — mRNA-1273 გაუკეთა.

ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს ფარმაცევტული ინდუსტრია აქტიურად მუშაობს, ამ რბოლაში კი Moderna დაწინაურდა და გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ექსპერიმენტალური ვაქცინის ადამიანებში გამოცდა დაიწყო.

ფოტო: Ted S. Warren / AP Photos

საცდელი ვაქცინა ხელოვნურად შექმნილ მესენჯერულ-რნმ-ს იყენებს და ორგანიზმს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარება, თანაც ამ ტიპის ვაქცინის მასიურად წარმოება, შესაძლოა, უფრო მოსახერხებელი და ადვილი აღმოჩნდეს.

mRNA-1273 ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში მიღებული შედეგებით იმედისმომცემი კანდიდატი აღმოჩნდა. მეცნიერებმა ვაქცინის მინიმალურ დროში შექმნა SARS და MERS კორონავირუსებზე დაგროვილი ცოდნის გამოყენებით შეძლეს.

კვლევაში 45 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ტესტირების პირველი ფაზა 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.