კორონავირუსზე "სუსტი დადებითი" პასუხით ჰონგ-კონგში ძაღლი კარანტინში მოათავსეს
ჰონგ-კონგის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარასკევს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ძაღლი კარანტინში მოათავსეს. ძაღლის ცხვირიდან და პირის ღრუდან აღებულმა ნიმუშებმა კი ვირუსზე სუსტი, მაგრამ დადებითი პასუხი აჩვენა.
ძაღლს სიმპტომები არ აღენიშნება და მეცნიერებს ვირუსის ადამიანიდან შინაურ ცხოველზე გადადების ფაქტი აქამდე არ დაუფიქსირებიათ.
სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და კონსერვაციის დეპარტამენტმა (AFCD) განაცხადა, რომ ისინი ტესტირებების ჩატარებას განაგრძობენ, რათა გაარკვიონ არის თუ არა ძაღლი კორონავირუსით ინფიცირებული.
"ამჟამად, AFDC-ის არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, შესაძლებელია თუ არა, რომ ვირუსი შინაურ ცხოველებს გადაედოთ ან პირიქით", — ნათქვამია განაცხადში.
ძაღლი კარანტინში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ვირუსის შინაურ ცხოველებზე გავრცელების მტკიცებულება არ არსებობს.
კომენტარები