რა განსხვავებაა პანიკას და კრიზისისთვის მზადებას შორის
ბოლო დღეებში არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეები მაღაზიებში დიდი რაოდენობით პროდუქციას ყიდულობენ. გავრცელებულ ფოტოები ბევრისთვის კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული საზოგადოებრივი პანიკის კიდევ ერთი მაგალითია.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ეპიდემიაზე ან პოტენციურ საფრთხეზე მსგავსი პასუხი საერთოდ არაა "პანიკური", მეტიც, საკმაოდ რაციონალურია.
საზოგადოებაში სიტყვა "პანიკის" აღქმა მეტწილად მითებით არის განპირობებული. იგი გაგებულია, როგორც რაღაც არაკონტროლირებადი შიშით გამოწვეული არარაციონალური ქცევა, სადაც საზოგადოება ქაოსში ეშვება და ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. მწვავე შემთხვევებში, ირღვევა სტანდარტული სოციალური კონტრაქტი და ა.შ.
"საზოგადოებრივი პანიკის" და "ისტერიის" მსგავსი აღქმა ძირითადად ჰოლივუდური ფილმების დამსახურებაა. თუმცა ის, რაც კატასტროფებისა ან შესაძლო უბედურების შემთხვევაში ხდება "ჰოლივუდური პანიკისგან" ძალიან განსხვავდება.
არაერთი კვლევის მიხედვით, რეალური უბედური შემთხვევების და ეპიდემიის პირობებში ადამიანები ერთმანეთისადმი ლოიალობასა და პატივისცემას ინარჩუნებენ.
უბედური შემთხვევების და ეპიდემიების დროს ადამიანები ხშირად ზედმეტ სიფრთხილეს მიმართავენ, რადგან მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს და ეს ქცევა ბუნებრივია.
ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანები უფრო შორეულ მომავალში იჭვრიტებიან და მოქმედების, განვითარების შესაძლო სცენარებს განიხილავენ. ამიტომ, ისეთი ქცევა, როგორიც პროდუქტის ჭარბი მომარაგებაა, საკმაოდ გასაგებია.
კორონავირუსის ეპიდემიის შემთხვევაში მსგავსი პასუხი ვირუსზე, შეიძლება ითქვას, რომ გადამეტებულია. ამის მიზეზი ძირითადად ინფორმაციის სწრაფი გავრცელებაა. მედია ხშირად სენსაციონალიზმს მიმართავს და ეს სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
როდესაც ადამიანები უხანის დაცარიელებულ ქუჩებს, კარანტინებში ჰორიზონტის ზოლამდე ჩამწკრივებულ სტაციონარულ საწოლებსა და შესაბამისად აღჭურვილ ექიმებს ხედავენ, უჩნდებათ შეგრძნება, რომ ყველაფერი ერთბაშად ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მოქალაქეები ინფორმაციას ყალბი და არასანდო წყაროებიდან იღებენ, რაც მათ იმპულსურობისკენ უბიძგებს.
საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და, როგორც ცნობილია, ინფიცირებული ადამიანი საბაჟოდან საავადმყოფოში მომენტალურად გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ინფექციის შემთხვევები ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და დაბალი ლეტალურობის მაჩვენებელი აქვს. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის განგაშის საფუძველი არ არსებობს.
განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა.
კომენტარები