წყალქვეშა ფოტოგრაფიის ყოველწლიური კონკურსის საუკეთესო ფოტოგრაფის ნომინაცია ფრანგმა ხელოვანმა, გრეგ ლეკურმა მოიგო. მთავარი ტიტულისთვის 5 500-მდე ფოტო იყო გაგზავნილი, თუმცა ჟიურიმ მათგან ერთი ამოარჩია.

კონკურსის გამარჯვებული

ფოტო: Greg Lecoeur / UPY2020

ხმელეთზე სელაპი საკმაოდ ტლანქი, საყვარელი ცხოველია, რომელიც ძლივს გადაადგილდება. თუმცა, ოკეანის სიღრმეებში ისინი გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევიან.

ეს კომპოზიცია "ერთპიროვნულად დამსახურებული გამარჯვებულია, რომელიც აერთიანებს კარგ კომპოზიციას, გასაოცარ სინათლესა და ფერებს"— ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.

ლეკურმა ფოტო ანტარქტიდის ერთ-ერთი ექსპედიციის დროს გადაიღო.

დედამიწის ოკეანეები ყინულს სწრაფი ტემპით კარგავს, ეს ფოტო კი ასახავს იმ გასაოცარ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც შეიძლება ჩვენს თვალწინ დაიკარგოს.

არანაკლებ საინტერესოა ფოტოკონკურსის სხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც.

ფოტოგრაფიის ამომავალი ვარსკვლავი

ეს პრიზი ავსტრიელმა ანიტა კაინრათმა მოიგო, რომელმაც ბაჰამას კუნძულების სანაპიროსთან პატარა ზვიგენები დააფიქსირა.

ფოტო: Anita Kainrath / UPY 2020

მაკროფოტოგრაფია

ამ კატეგორიაში გამარჯვებული იაპონელი კეიგო კავამურა გახდა, რომელმაც ფოტოზე ცალრქა კერევეტები ასახა. ეს ჯიში მოგრძო ანტენებით და ცხოვრების სტილით გამოირჩევა. ეს სახეობა მეტწილად 300 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობს.

ფოტო: Keigo Kawamura / UPY 2020

ჩაძირული გემები

კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული ამერიკელი ფოტოგრაფი რენე კაპოზოლა გახდა, რომელმაც საუდის არაბეთში ჩაძურული ტვირთმზიდი ხომალდი გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მეტალის კონსტრუქცია უსიცოცხლოდ გამოიყურება, ის ზღვის ბინადრებისთვის თავშესაფარი გახდა.

ფოტო: Renee Capozzola / UPY 2020

საუკეთესო შავ-თეთრი ფოტო

პრიზი ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჰელი სპიერსმა ზღვის არწივების ფოტოსთვის მიიღო. ეს ცხოველი წყალში თავისუფლად გადაადგილდება, ფოტოგრაფისთვის კი მათი გამოჭერა ძალიან რთული აღმოჩნდა.

"ისინი [ზღვის არწივები] თავისუფლად მიცურავდნენ, მე კი ფოტოსთვის სწორი კუთხის შერჩევისას კინაღამ გული ამომივარდა", — წერს ფოტოგრაფი.

ფოტო: Henley Spiers / UPY 2020

ცხოველთა ქცევა

კატეგორიის გამარჯვებული იტალიელი პასკალე ვასალო ფეხბურთის ბურთზე მიკრული რვაფეხის ფოტოსთვის გახდა.

"მგონი ეს რვაფეხა შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება", — წერს ვასალო.

ცეფალოპოდის და ბურთის ფოტო მიუხედავად იმისა, რომ თვალწარმტაცია, ერთგვარი შეხსენებაცაა, რომ ოკეანეები ძალიან დაბინძურებულია.

ფოტო: Pasquale Vassallo / UPY 2020

კონსერვაცია

კატეგორიაში გამარჯვებულიც ვასალო გახდა, რომელმაც მეთევზეების ბადეში გახლართული თევზის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო. ფოტოზე თევზს პირი მაქსიმალურად დაღებული აქვს და ხაფანგის დაღწევას უშედეგოდ ცდილობს.