მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედებით თაგვები დიაბეტისგან განკურნეს — კვლევა
თუკი თაგვებში ჩატარებული ექსპერიმენტი ადამიანების შემთხვევაშიც წარმატებით დასრულდება, ახალი მეთოდი — ღეროვანი უჯრედების ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებად გარდაქმნა, დიაბეტის განკურნებაში დაგვეხმარება.
კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ ადამიანის პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების (hPSCs) პანკრეატიულ ბეტა უჯრედებად გარდაქმნა შეძლეს, რომლებიც ინსულინს წარმოქმნიდნენ. თუმცა მეთოდი სრულყოფილი არ ყოფილა და იგი ნაკლებად ეფექტიანი იყო.
ახალი ტექნიკით მიღებული უჯრედები კი სისხლში შაქრის დონეს ბევრად წარმატებით აკონტროლებენ. როდესაც აღნიშნული უჯრედები დიაბეტით დაავადებულ თაგვებს გადაუნერგეს, მათმა მდგომარეობამ სწრაფი გაუმჯობესება დაიწყო.
"ამ თაგვებს დიაბეტის მწვავე ფორმა აღენიშნებოდათ — ერთ დეცილიტრ სისხლში 500 მილიგრამზე მეტი გლუკოზა. ასეთი კონცენტრაცია ადამიანისთვის დამღუპველი იქნებოდა. როდესაც მათ ინსულინის გამომყოფი უჯრედები გადავუნერგეთ, ორ კვირაში გლუკოზის დონე სისხლში ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა", — განმარტავს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი მილმენი.
პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები არადიფერენცირებული უჯრედებია, რომლებსაც სხეულში არსებული ნებისმიერი ტიპის უჯრედად გარდაქმნა შეუძლია. მსგავსი პოტენციალის სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად საკმაოდ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც დიაბეტის შემთხვევაში.
"ღეროვანი უჯრედების სასურველ უჯრედებად გარდაქმნის პროცესში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ დროს სხვა ისეთ უჯრედებსაც იღებ, რომლებიც არ გჭირდება. კონკრეტულად ბეტა უჯრედების შემთხვევაში, შესაძლოა, პანკრეასსა და ღვიძლში არსებული სხვა ტიპის უჯრედებიც მიიღო", — აღნიშნა მილმენმა.
მნიშვნელოვანი ისაა, რომ პანკრეასისა და ღვიძლის უჯრედები გადანერგვის დროს რაიმე პრობლემას არ იწვევენ და არც დიაბეტს ებრძვიან.
"რაც უფრო მეტ არამიზნობრივ უჯრედებს ვიღებთ, მით უფრო რთულია მკურნალობა. დიაბეტისგან განსაკურნებლად დაახლოებით მილიარდი ბეტა უჯრედია საჭირო. მაგრამ თუკი ამ უჯრედების მეოთხედი ღვიძლის ან პანკრეასის უჯრედებია, მილიარდის ნაცვლად 1,25 მილიარდი უჯრედი დაგჭირდება. ეს კი დაავადების მკურნალობას 25%-ით ართულებს", — თქვა მან.
ახალი მეთოდის გამოყენებით არამიზნობრივი უჯრედების წარმოქმნა მცირდება. ამ ტექნიკის სამიზნეს უჯრედის ციტოჩონჩხი წარმოადგენს ეს სტრუქტურა უჯრედს ფორმის წარმოქმნაში ეხმარება და მის გარემოსთან ინტერაქციას უზრუნველყოფს. იგი სხვადასხვა ცილოვანი ბიჭკოების მიკროფილამენტებითაა შექმნილი. აქტინი ამ სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი ასეთი ცილაა, ის უჯრედის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მათ შორის, აკონტროლებს მის დიფერენცირებასაც.
"ჩვენ გავარკვიეთ, რომ უჯრედული ინტერაქციებისა და აქტინის ციტოჩონჩხის მანიპულირებით ენდოკრინული ტრანსკრიფციის ფაქტორების ექსპრესიის შეცვლა შეიძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ აქტინის ციტოჩონჩხის მართვით ინსულინის მწარმოებელი უჯრედების წარმოქმნას ხელს ვუწყობთ. ეს კი ღეროვანი უჯრედებით მკურნალობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია", — აღნიშნა მილმენმა.
პროცესის უკეთესად გააზრებამ მილმენის გუნდს მეტი ბეტა უჯრედის წარმოქმნის საშუალება მისცა და ზემოთ ნახსენები პრობლემა შეამსუბუქა.
მილმენმა განმარტა, რომ სანამ მკურნალობის ამ მეთოდს ადამიანებზე გამოვიყენებთ, დიდი გზაა გასავლელი. მათ უჯრედების ტესტირებისთვის დიდი დრო დასჭირდებათ, რათა მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც დიაბეტის კონტროლისთვის ინსულინის ინექცია სჭირდებათ, მკურნალობა შესაძლებელი გახდეს.
კვლევა Nature Biotechnology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები