$650-იან Realme X50 Pro-ს უახლესი პროცესორი, 5G და 90-მეგაჰერციანი ეკრანი აქვს
იანვარში პირველი 5G სმარტფონის გამოშვების შემდეგ, კომპანიამ ახლა Realme X50 Pro წარადგინა, რომელსაც უახლესი Snapdragon 865 პროცესორი და 65-ვატიანი სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს.
სმარტფონის შემადგენლობაში შედის 6,44-იჩნიანი Full HD+ გარჩევადობის მქონე 90-ჰერციანი Super AMOLED ეკრანი, რომელსაც ზემოდან Gorilla Glass 5 იცავს. აქვეა თითის ანაბეჭდის სენსორიც, რომელიც ეკრანის ქვეშ მოთავსდა. Realme-ს თქმით, სკანერს თითის აღსაქმელად სულ რაღაც 0,27 წამი ჭირდება.
Snapdragon 865 პროცესორთან ერთად სმარტფონს 5G მიმღებიც აქვს. აქვე ვხვდებით 12GB-იან LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებას 128 ან 256 გეგაბაიტ შიდა მეხსიერებასთან ერთად, რომელიც UFS 3.0 ტექნოლოგიისაა და ამასთან ერთად TurboWrite და Host Performance Booster-ითაც სარგებლობს, რაც მის სისწრაფეს კიდევ უფრო ზრდის.
Realme X50 Pro-ს აქვს 4 კამერა — მთავარი 64-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL GW1 სენსორი f/1.8 დიაფრაგმითა და სამსუნგის პიქსელის ოთხმაგი შეკუმშვის ფუნქციით, რაც იმას გულისხმობს, რომ სმარტფონი გადაიღებს 16-მეგაპიქსელიან ფოტოებს, სადაც 1 პიქსელის ადგილზე 4 იქნება გაერთიანებული. ეს ყველაფერი მკვეთრად აუმჯობესებს ღამით გადაღებული ფოტოების ხარისხს.
აქვე ვხვდებით 8-მეგაპიქსელიან f/2,3 ფართოკუთხოვან კამერასაც, რომელსაც 119 გრადუსის ხედვის კუთხე და ფაზური ავტოფოკუსი აქვს. დანარჩენი ორი კამერიდან ერთ-ერთი 12-მეგაპიქსელიანი 2x ტელეფოტო ლინზაა, რომლის დიაფრაგმაც 2,5-იანია, ხოლო მეოთხე კამერა შავთეთრია და მისი ფუნქცია სიღრმის გაზომვაა, ეს უკანასკნელი პორტრეტის რეჟიმის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
კამერები ამით არ ამოწურულა. სმარტფონის წინა პანელზე ვხვდებით ორმაგ მოდულს, რომელთაგან ერთ-ერთი 32-მეგაპიქსელიანი Sony IMX616 სენსორია, მეორე კამერა აქაც ფართოკუთხოვანი 8-მეგაპიქსელიანი სენსორია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მთელი სამეგობრო სელფის გადაღებას ერთად მოინდომებთ, კადრს მიღმა არავინ დარჩება.
სმარტფონს აქვს 65-ვატიანი SuperDart ფუნქცია, რაც მის 4 200-მილიამპერიან ელემენტს 0-დან 100-მდე სულ რაღაც 35 წუთში დატენის, ხოლო 0-დან 60-მდე, 20 წუთში. რეალმეს თქმით, ელემენტი ერთი სრული დღის განმავლობაში თავისუფლად გაგიძლებთ.
X50 Pro ანდროიდ 10-ზე იმუშავებს, რომელსაც ზემოდან Realme UI ექნება დაშენებული.
უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სმარტფონს სტერეო დინამიკები, NFC და "ორთქლის გაგრილების სისტემაც" აქვს, რაც ხანგრძლივი თამაშის შემთხვევაში სმარტფონს გადახურებისაგან დაიცავს.
სმარტფონი ორ ფერში გამოვა — Moss Green და Rust Red. მისი საწყისი ფასი 8/128 ვერსიისათვის 650 დოლარი იქნება, ხოლო ტოპ მოდელი, 12 გეგაბაიტი ოპერატიულითა და 256 გეგაბაიტი შიდა მეხსიერებით, სულ რაღაც 810 დოლარად გაიყიდება.
კომენტარები