ახლახან ძველი თბილისის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საუკუნოვან სახლში ბინა ჰოლოგრამებმა დაიდეს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, თუმცა თუ ბეთლემის ქუჩის 10 ნომერს ესტუმრები, ამ უჩვეულო სანახაობის ნახვას თავადაც შეძლებ.

მისამართზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახლი დაგხვდება, თუმცა თუ ჰოლოგრამების მუზეუმს შებინდებისას ეწვევი, შეიძლება მისი ფანჯრებიდან გამოსულ ფერად ნათებასაც მოჰკრა თვალი.

ჰოლოზეუმი, ანუ ჰოლოგრამების მუზეუმი სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით გაიხსნა. მისი მიზანი კი ხელოვნების პოპულარიზაცია და არტისტების მხარდაჭერაა. ამჟამად ჰოლოზეუმის სივრცე ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას ეთმობა, გამოფენა აპრილამდე გასტანს. მუზეუმში ასევე შეხვდებით სოლიკო ვირსალაძის თეატრალურ და სასცენო ესკიზებს, ისევე როგორც ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს.

ჰოლოზეუმი ჯამში 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს, გაცოცხლებული ნახატებით სავსე დერეფნებში კი გზას 120-მდე სპეციალური პროექტორი გაგინათებს. მუზეუმში ნახატები სხვადასხვა ინტერაქციული და სტატიკური ტექნიკებითაა გამოსახული, შენ ასევე მოხვდები სარკეებით მოცულ გვირაბში, სადაც სპეციალური კამერა შენი სხეულის სილუეტს დააფიქსირებს და მას მუზეუმის ნაწილად აქცევს.

გამოფენის პარალელურად ჰოლოზეუმი ღია სივრცედ გარდაიქმნება, სადაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, ინოვაციებისა და განათლების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციები გამოიფინება, მოეწყობა ვორქშოპები, სემინარები, წიგნისა და იოგის კლუბები, კინოჩვენებები და სხვა საინტერესო ღონისძიებები.

ჰოლოზეუმი ადგილია, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის, ეს არის ხელოვნებასთან ურთიერთობისა და მისი გაცნობის ახალი ფორმა. სწორედ ეს შეიძლება იყოს ის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ხელოვნებას არამხოლოდ გარედან დავაკვირდეთ, არამედ მასში მთელი სხეულით შევაბიჯოთ.