პიროვნებად აღიარებულმა ორანგუტანმა სანდრამ 34-ე დაბადების დღე აღნიშნა
პიროვნებად აღიარებულმა ორანგუტანმა სანდრამ, რომელიც ამჟამად ფლორიდაში ბინადრობს, თავისი 34-ე დაბადების დღე მეგობარ მამრ პრიმატთან ერთად აღნიშნა.
ფლორიდის საცხოვრებელ ცენტრში გადასვლამდე სანდრა ბუენოს-აირესის ზოოპარკში განმარტოებით ცხოვრობდა. ახალ სახლში ის თავდაპირველად ძალიან მორცხვობდა, თუმცა მეგობრები მალევე გაიჩინა.
"სანდრა განსაკუთრებით ჯითროთი დაინტერესდა. ჯითრო 31 წლის მამრი ორანგუტანია, ჩვენი აზრით, მშვიდი ხასიათისა და მისი ასაკის გათვალისწინებით, სანდრასთვის იგი შესანიშნავი არჩევანია. სანდრა ჯითროს ჯერ კიდევ შორიდან აკვირდება — ისინი ერთმანეთის გაცნობის პროცესში არიან", — განაცხადა ცენტრის დირექტორმა პეტი რეგანმა.
პარასკევს სანდრამ თავისი დაბადების დღე ვარდისფერი ბუშტებითა და შეფუთული საჩუქრებით აღნიშნა. წვეულებას ჯითროც დაესწრო. რეგანის თქმით, ისინი საკმაოდ ახლოს ისხდნენ, თუმცა არა იმდენად, რომ ერთმანეთს შეხებოდნენ. სანდრა დაახლოებით 60 კილოს იწონის, ჯითრო კი 118-ს.
"სანდრა ჯითროს ჭამის დროს აკვირდება ხოლმე. ზოგიერთი ზრდასრული მამრი ორანგუტანი გაცნობისას ბევრად აქტიური იქნებოდა, თუმცა ჯითრო მომთმენი და მშვიდია", — განაცხადა რეგანმა.
ამავე თემაზე:
კომენტარები