20,75 გრადუსი — ანტარქტიდაზე ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა
რამდენიმე დღის წინ, 6 თებერვალს არგენტინულმა კვლევითმა სადგურმა ანტარქტიდას ესპერანზას რეგიონში რეკორდული 18 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირა, რაც რეგიონისთვის უპრეცედენტოდ მაღალია.
ახლა კი ვიგებთ, რომ ბრაზილიელმა მეცნიერებმა 9 თებერვალს სეიმურის კუნძულებზე 20,75 გრადუსი დააფიქსირეს.
ახალ რეკორდს ისევ მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია დაადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ანტარქტიდაზე საშუალო ტემპერატურა უფრო ჩქარა მატულობს. პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, დღეს ანტარქტიდაზე საშუალო ტემპრეტატურა 3 გრადუსი ცელსიუსითაა გაზრდილი.
მკვლევრები, რომლებიც ანტარქტიდაზე ტემპერატურას სამ დღეში ერთხელ ამოწმებენ, ამბობენ, რომ ახალი რეკორდი "წარმოუდგენელი და არანორმალურია".
"ამ რეგიონებში ჩვენ მუდამ ვხედავთ დათბობის ტრენდს, თუმცა ამხელა მატება აქამდე არ გვინახავს", — ამბობს კარლოს შაეფერი, რომელიც ანტარქტიდაზე კლიმატის ცვლილების გავლენას სწავლობს.
შაეფერის თქმით, ანტარქტიდაზე ტემპერატურის ცვლილების მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვეხმარება გავიგოთ, როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილება დანარჩენ დედამიწაზე.
კომენტარები