ავსტრალიის მახლობლად ვარდისფერი მანტა დააფიქსირეს
მყვინთავმა მსოფლიოში ერთადერთი ვარდისფერი მანტა, ზედმეტსახელად ინსპექტორი კლუზო, ფოტოზე აღბეჭდა.
მანტა პირველად ავსტრალიაში, ლედი ელიოტის კუნძულზე 2015 წლის ბოლოს შენიშნეს. ოთხმეტრიან მამრს სახელი ვარდისფერი პანტერას მიხედვით შეარქვეს.
"თავიდან ძალიან დავიბენი და ვიფიქრე, რომ მომეჩვენა", — განაცხადა ფოტოგრაფმა კრისტიან ლეინმა.
ფოტოს გადაღების დროს კლუზო შვიდ სხვა მამრთან ერთად იმყოფებოდა. დიდი ალბათობით, მამრები ახლოს მყოფი მდედრის ყურადღების მისაქცევად გაერთიანდნენ. მსგავსი რიტუალის დროს მდედრები წყალში სპეციალურ ნივთიერებებს, ფერომონებს გამოყოფენ, რაც მამრებს იზიდავს.
ინფორმაცია ვარდისფერი მანტას არსებობის შესახებ მყვინთავ რაიან ჯეფრის მიერ გადაღებული ფოტოს საშუალებით გავრცელდა. კლუზოს ფოტოებმა მანტას კვლევის ჯგუფის ყურადღება მალევე მიიპყრო.
ჯგუფმა მისი ვარდისფერი კანის კვლევა მას შემდეგ დაიწყო და ის ახლაც მიმდინარეობს. მისი ასეთი შეფერილობა, შესაძლოა, გენეტიკური მუტაციის შედეგი აღმოჩნდეს, რომელიც კანის პიგმენტაციაზე ახდენს გავლენას. მსგავსი მუტაციები ცხოველთა სამყაროში საკმაოდ ხშირია. ასეთი მუტაციები გვხვდება თევზებშიც და, მაგალითად, ადამიანებშიც, ალბინიზმის სახით. მუტაციის ერთ-ერთ ვარიანტს ერითრიზმია ეწოდება, ამ დროს კანი მოწითალო ან ვარდისფერ ფერს იღებს ხოლმე.
როგორც წესი, მანტების ზურგი შავი, ხოლო მუცელი თეთრია. ფერების მსგავსი გადანაწილება კი ორმაგი კამუფლაჟის ნაწილია. მეცნიერების თქმით, კლუზოს ვარდისფერი შეფერილობა მას პრობლემებს არ შეუქმნის — გიგანტური ზომის გამო, მათ მხოლოდ რამდენიმე მტაცებელი თუ ჰყავთ.
კომენტარები