YouTube-ის ყოველწლიური შემოსავალი $15 მილიარდს აჭარბებს
Google-მა Alphabet-ის მეოთხე კვარტლის შედეგები გაასაჯაროვა, საიდანაც ჩანს, რომ YouTube-მა ბოლო სამ თვეში, მხოლოდ რეკლამებიდან $5 მილიარდი დოლარი მიიღო.
ეს არის პირველი მოხსენება, რომელიც Alphabet-ის ახალი CEO-ს, სუნდარ პიჩაის დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა. მან გენერალური დირექტორის ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც გასული წლის მიწურულს თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი თანამდებობებიდან გადადგნენ.
15-წლიანი ისტორიის მანძილზე, მას შემდეგ რაც 2006 წელს YouTube გუგლმა $1,65 მილიარდად შეიძინა, ეს არის პირველი მოხსენება, სადაც იუთუბის შემოსავალი ჩანს. აღნიშნული შემოსავალი სარეკლამო სივრცეების გაყიდვითაა მიღებული.
გუგლის თქმით, ოთხივე კვარტლის ჯამში იუთუბმა $15 მილიარდი დოლარის შემოსავალი ნახა, რაც გუგლის მთლიანი შემოსავლის 10 პროცენტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ იუთუბის რეკლამები Facebook-ის რეკლამების მხოლოდ ერთ მეხუთედს შეადგენს, თუმცა, მაგალითად, Twitch-თან შედარებით ის ექვჯერ მეტია.
გუგლის თქმით, ამ ყველაფრის გარდა დაახლოებით 20 მილიონ ადამიანს გამოწერილი აქვს YouTube Premium და Music Premium, ხოლო 2 მილიონს იუტუბის სატელევიზიო სერვისები. Alphabet-ის თქმით, ამ პროდუქტების შემოსავალმა წინა კვარტალში $5,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ჯამში, გასული წლის ბოლო კვარტალში, ალფაბეტის შემოსავალმა $46 მილიარდს მიაღწია, ეს კი წინა წელთან შედარებით 17%-იანი ზრდაა. მთელი შემოსავლიდან დაახლოებით $10,7 მილიარდი კი სუფთა მოგება იყო.
გუგლის საძიებო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ერთ კვარტალში მან $27,2 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო. ასევე უნდა ვახსენოთ Google Cloud, რომელმაც, გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, $2.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
კომენტარები