მაიკროსოფტი Xbox-ის ბაგების პოვნისთვის $20 000-ს (ან მეტს) გთავაზობთ
მაიკროსოფტი Xbox Bounty Program-ს უშვებს, რაც გულისხმობს იმას, რომ დაჯილდოვდება ყველა, ვინც Xbox Live-ის ქსელში და სერვისებში მნიშვნელოვან ბაგს იპოვის.
ჯილდოები $500 დოლარიდან დაიწყება და $20 000-მდე ავა, თუმცა მაიკროსოფტი იმასაც აღნიშნავს, რომ პრობლემის სირთულის მიხედვით, შესაძლოა, ჯილდო 20 000-ს საგრძნობლად ასცდეს.
მაიკროსოფტი პროგრამის გაშვებას მოთამაშეებისთვის და იმ ადამიანებისთვის გეგმავს, ვინც ხარვეზების ძებნაშია დახელოვნებული, მათი აზრით, ბაგების აღოსაჩენად ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზაა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მაიკროსოფტი ბაგების აღმოჩენისთვის ჯილდოებს არიგებს. მაგალითად, Windows 10-ის უსაფრთხოების სისტემაში პროგრამული შეცდომის მპოვნელს ისინი $250 000 დოლარით აჯილდოვებდნენ.
ბაგების პოვნის ასეთი ხერხისთვის სხვა კომპანიებსაც მიუმართავთ, მაგალითად, ასევე $20 000-ს სთავაზობდა შეცდომების აღმომჩენს Nintendo, თუმცა ყველა ასეთი ხელგაშლილი არ არის. მაგალითად, Sony ბაგების აღმომჩენი ადამიანებისთვის რატომღაც მხოლოდ მაისურებს იმეტებს.
კომენტარები