გადახურებისგან დასაცავად რობოტებს ოფლის გამოყოფა "ასწავლეს"
ნებისმიერ აქტივობას თან ახლავს სითბოს გამოყოფა, გამაგრილებელი სისტემის გარეშე კი გადახურების საფრთხე ჩნდება. ადამიანები ამ საფრთხეს ოფლის გამოყოფის საშუალებით ვუმკლავდებით, თუმცა მალე, შესაძლოა, ეს უნარი რობოტებმაც შეიძინონ. ახლახან ინჟინრებმა პატარა რობოტი — სამთითა მომჭერი შექმნეს, რომელსაც "საოფლე ჯირკვლები" აქვს.
მომჭერის თითების შიგნით ჰერმეტული რეზერვუარებია მოთავსებული. ისინი წყლითაა ამოვსებული და ზედაპირს პლასტმასის მილაკებით უკავშირდება. როდესაც პლასტმასი გარკვეულ ტემპერატურას მიაღწევს ფორები იხსნება და წყალი ზედაპირზე გადმოდის.
დეტალები რობოტის შესახებ ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.
"ოფლის გამოყოფის უნარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისებაა. ჩვენ უსწრაფესი ცხოველები არ ვართ, თუმცა უძველესი ადამიანები წარმატებული მონადირეები სწორედ ოფლიანობის უნარის მეშვეობით აღმოჩნდნენ, სირბილის დროს ის ჩვენს წინაპრებს გადახურებისგან გვიცავდა", — განაცხადა სამთითა მომჭერის დიზაინერმა და მეცნიერმა ვოლინმა.
რობოტების უმეტესობა მეტალისგან მზადდება, მეტალი კი სითბოს შესანიშნავი გამტარია. თუმცა რობოტები, რომლებიც ისეთი დელიკატური მისიებისთვის არიან შექმნილნი, როგორც, მაგალითად, სამედიცინო პროცედურების შესრულებაა, რეზინისგან მზადდება. რეზინა კარგი იზოლატორია, შესაბამისად, ასეთ რობოტებს გაგრილების სპეციფიკური სისტემა აუცილებლად დასჭირდებათ.
ოფლის გამოყოფას სხვა დადებითი თვისებებიც აქვს. "საოფლე ჯირკვლების" დანერგვით მისი ტემპერატურა შეგიძლია გარემოში არსებულზე უფრო დაბლა დასწიო — ამის მიღწევა კი სტანდარტული მეთოდებით შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ რობოტს საკუთარი თავის გაგრილება დამოუკიდებლად ისეთ გარემოშიც შეუძლია, სადაც გამაგრილებლები მიუწვდომელია.
"ჩვენი მიზანი ადაპტაციის უნარის მქონე მტკიცე რობოტების შექმნაა. საოფლე ჯირკვლების რობოტებში ჩანერგვა კი საწყისი, პირველი ეტაპია", — განაცხადა ერთ-ერთმა პროფესორმა რობერტ შეფარდმა.
შეფარდმა ასევე აღნიშნა, რომ საოფლე ჯირკვლებს ორმაგი დანიშნულება ექნება. გარდა გაგრილებისა, მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება კვლევებისთვის საჭირო სითხის გარემოდან შესრუტვა.
როგორც ვიცით, დაკარგული სითხის აღდგენა აუცილებელია. ადამიანები ამ პრობლემას წყლის დალევის მეშვეობით ვაგვარებთ, თუმცა რობოტებს სითხის აღსადგენად განსხვავებული მეთოდი სჭირდებათ. ყველაზე დიდი პრობლემა დავალების შესრულებისას ოფლიანობით გამოწვეული ხარვეზებია. მომჭერის თითები ბლანტი ხდება და ხახუნი მცირდება. სრიალა ხელები კი უსაფრთხო ნამდვილად არაა.
სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ამ მექანიზმის დაბალანსება სცადეს. ისინი განსხვავებული ტემპერატურის პირობებში რობოტის ეფექტურობას აკვირდებოდნენ და მას ოფლის ზომიერად გამოყოფას "ასწავლიდნენ." მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა გაამართლებს.
კომენტარები