ღონისძიება Unpacked, სადაც სამსუნგი ახალ ფლაგმანებს წარმოგვიდგენს ხოლმე, 11 თებერვალს გაიმართება. წარმოდგენები იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ სამსუნგისგან, გაჟონილი ინფორმაციით უკვე შევიქმენით. სულ რამდენიმე დღეში ვიხილავთ S10 სერიის გამგრძელებელს, რომელსაც სავარაუდოდ S11-ის მაგივრად S20 ერქმევა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, როგორც ჩანს, Samsung თებერვალში მომხმარებლების წინაშე უფრო საინტერესო პროდუქტითაც წარდგება.

ეს ახალი, Galaxy Fold-ისგან განსხვავებული სმარტფონი იქნება, რომელიც ვერტიკალურად დაიკეცება. ამ ტიპის კეცვადი სმატფონი ჩვენ უკვე ვიხილეთ მოტოროლასგან, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ახალი კეცვადი სმარტფონის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში გაჟღერდა. მაშინ Bloomberg წერდა, რომ სამსუნგი Fold-ის გარდა კიდევ სხვა, ვერტიკალურად დაკეცვად სმარტფონზე მუშაობდა.

ოქტომბერში კი ეს ინფორმაცია სამსუნგმაც დაადასტურა და თიზერიც გვანახა. ახალ კეცვად სმარტფონს სავარაუდოდ Galaxy Z Flip ერქმევა.

ფოტო: @rquandt

Galaxy Z Flip სამსუნგის მეორე დასაკეცი სმარტფონი იქნება

Galaxy Fold ტაბლეტის ფორმის იყო და სმარტფონისხელა ხდებოდა, მაგრამ Galaxy Z Flip სმარტფონის ზომის იქნება და გადაკეცვით კიდევ უფრო დაპატარავდება. იმის მისახვედრად თუ რას ვგულისხმობ, შეგიძლიათ ფოტოებს გაეცნოთ.

გახსნილ მდგომარეობაში Galaxy Z Flip სხვა სმარტფონების მსგავსია, მაგრამ საკმარისია ის დავკეცოთ, ის ზომაში ნახევრდება და თან საყვარელ, ძველ გეიმბოის ემსგავსება.

Galaxy Z Flip-ის ეკრანი შეიძლება მინის იყოს და არა პლატმასის

ფოტო: @rquandt

Galaxy Fold-ის პირველმა ვერსიებმა თავი საკმაოდ უცნაურად დაგვამახსოვრა. მაგალითად, იუთუბერებისა თუ ბლოგერების საცდელი ვერსიები რამდენიმე დღეში გაფუჭდა, კონკრეტულად კი მწყობრიდან ეკრანი გამოვიდა, რადგან შრე, რომელიც უბრალო დამცავ ფირს გავდა, სმარტფონის ეკრანის ნაწილი ყოფილა, ამაზე კი არავინ იცოდა.

მოტოროლას რეიზერის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა კომპანიამ მომხმარებლები წინასწარ გააფთხილა და განაცხადა, რომ დაშორებები ეკრანსა და სამრტფონის კორპუსს შორის, ბუნებრივია.

როგორც გაჟონილი ინფორმაციიდან ვიგებთ, ზემოაღნიშნული სმარტფონებისგან განსხვავებით, Galaxy Z Flip-ს მინის ეკრანი ექნება და იმედს ვიტოვებთ, რომ მას Fold-ის მსგავსი პრობლემები არ ექნება.

სულ ახლახან კი Galaxy Z Flip რეალურ ვიდეოშიც გამოჩნდა, სადაც მისი დიზაინი კარგად ჩანს. სმარტფონი მოტოროლას რეიზერზე ბევრად დიდი, 6,7-ინჩიანი ეკრანი ექნება.

იმედია, რომ ტელეფონზე სრულ ინფორმაციას სამსუნგის პრეზენტაციაზე მოვისმენთ, რომელიც სან-ფრანცისკოში 11 თებერვლას ჩატარდება.