6 ადგილი მარსზე, რომელსაც მომავლის ასტროტურისტები მოინახულებენ
მარსი საკმაოდ კონტრასტული პლანეტაა, მასზე ვხვდებით როგორც უზარმაზარ ვულკანებს, ასევე ღრმა კანიონებსა და კრატერებს. მომავალი ტურისტებისთვის მარსზე მოგზაურობა საინტერესო და საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. წარმოგიდგენთ იმ ადგილმდებარეობების მოკლე ჩამონათვალს, რომელიც მომავალის ასტროტურისტებისთვის, შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს.
1. ოლიმპის მთა
ეს მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა და ყველაზე ექსტრემალური ვულკანია. ის მარსზე, ტარსის ვულკანურ რეგიონში მდებარეობს, რომელიც დაახლოებით არიზონას შტატის ზომისაა. ოლიმპის მთა სიმაღლეში 25 კილომეტრს აჭარბებს, ანუ ის დაახლოებით სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ევერესტი.
მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთის ფორმირება ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ განაპირობა, რომელიც ფერდობებზე ილექებოდა. ვულკანის საშუალო დახრილობა ხუთ პროცენტს შეადგენს, შესაბამისად, ალპინიზმის მოყვარული მომავალი მოგზაურებისთვის ოლიმპუსის დაპყრობა რთული ნამდვილად არ იქნება.
2. ტარსის ვულკანები
ზემოხსენებული ტარსის რეგიონი ბევრი სხვა ვულკანითაც გამოირჩევა. აქ 12 გიგანტური ვულკანია, რომლებიც დედამიწის ვულკანებთან შედარებით ბევრად დიდები არიან. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მარსის სუსტი გრავიტაციაა, რაც ვულკანებს საშუალებას აძლევს, რომ მსგავს მასშტაბებს მიაღწიონ.
ეს ვულკანები აქტიურები ბოლოს დაახლოებით ორი მილიარდი წლის წინ იყვნენ.
3. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები
მარსს ორი ყინულოვანი რეგიონი — ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი აქვს. პოლუსები იმდენად ცივია, რომ აქ ნახშირორჟანგი ატმოსფეროდან მარსის ზედაპირზე პირდაპირ ყინულად კონდენსირდება.
ზაფხულობით კი ეს პროცესი საწინააღმდეგო მიმართულებით მიმდინარეობს, ანუ ნახშირორჟანგი უკან, ატმოსფეროში ბრუნდება.
ამ ციკლს მარსის სეზონურ ვარაციებზე დიდი გავლენა აქვს.
4. გეილის კრატერი და შარპის მთა
გეილის კრატერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მასზე 2012 წელს NASA-ს როვერი, Curiosity დაეშვა. არსებობს ეჭვი, რომ ოდესღაც კრატერში წყალი არსებობდა. მართლაც, წითელ პლანეტაზე დაშვებიდან რამდენიმე კვირაში როვერი ყოფილი მდინარის კალაპოტში აღმოჩნდა. Curiosity ამჟამად ახლომდებარე ვულკანს და მისი თითოეული შრის გეოლოგიურ მახასიათებელს იკვლევს.
როვერმა სხვა მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გააკეთა — მან 3,5 მილიარდი წლით დათარიღებულ ქვებში რთული ორგანული მოლეკულები იპოვა.
5. მარინერის გიგანტური კანიონი
გიგანტური მთების გარდა მარსზე უზარმაზარ ხეობებსაც შეხვდებით. მარინერის ხეობა დაახლოებით 3 000 კილომეტრის სიგრძისაა და იგი დედამიწაზე არსებულ დიდ კანიონზე ოთხჯერ დიდია. მკვლევარებისთვის მისი წარმოშობის ისტორია ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა კანიონის ფორმირების შესახებ მრავალი თეორია არსებობს.
ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, ტარსის რეგიონის ჩამოყალიბების პროცესმა გარკვეული წვლილი შეიტანა მარინერის ხეობის გაზრდაში. ვულკანურ რეგიონში მოძრავი ლავა ქერქს ზემოთ აწვებოდა. შედეგად, სხვა რეგიონში პლანეტის ქერქს ნაპრალები გაუჩნდა და დროთა განმავლობაში უზარმაზარი კანიონი მივიღეთ.
6. "მოჩვენება დიუნები"
მარსის ზედაპირის ფორმირებაში ყველაზე დიდ როლს ქარი თამაშობს. თუმცა, წითელი პლანეტის ზედაპირზე წარსულში არსებული წყლის მიერ დატოვებული კვალის პოვნაც შეიძლება. ამის ერთ-ერთი მაგალითი "მოჩვენება დიუნებია."
მეცნიერების თქმით, აღნიშნული დიუნების სიმაღლე ადრე ათეულობით მეტრს აღწევდა, შემდეგ დიუნები წყალმა ან ლავამ ნაწილობრივ დაფარა, მათმა ზედა ნაწილმა კი ქარის მოქმედებით ეროზია განიცადა.
მსგავსი ადგილების შესწავლა მეცნიერებს უძველესი მარსის კლიმატის თავისებურებების დადგენის საშუალებას აძლევს.
კომენტარები