როცა 17 წლის ვოლფ კუკიერმა ნასას გოდარდის საფრენ ცენტრში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი სტაჟირება ასეთი წარმატებული აღმოჩნდებოდა. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს ახალი ტელესკოპის, TESS-ის ვარსკვლავების ნათების მონაცემების დამუშავება დაევალა. ბიჭი დედამიწიდან 1 300 სინათლის წელიწადით დაშორებულ უცხო სისტემას აკვირდებოდა, როცა ერთ-ერთ მზეზე მსუბუქი ჩაბნელება შეამჩნია.

ეს პატარა ჩაბნელება დედამიწაზე თითქმის შვიდჯერ დიდი ობიექტი აღმოჩნდა, რომელიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.

ჰიპოთეზას მეცნიერები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოწმებდნენ. NASA-ს თქმით, ასეთი აღმოჩენა საკმაოდ იშვიათია, რადგან ორი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი პლანეტის დაფიქსირება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ობიექტი ერთ-ერთ მზის პირისპირაა, რა დროსაც მისი ნათება იკლებს.

TOI 1338 b, რომელიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს

ფოტო: NASA

"რამდენჯერმე შეგვეპარა ეჭვი ამ აღმოჩენაში, მაგრამ მონაცემები გვარწმუნებდნენ, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა", - ამბობს კუკიერი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა TESS-მა ორი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი პლანეტა აღმოაჩინა. ბიჭი ამ თემაზე ნასას მეცნიერებთან ერთად ნაშრომს გამოაქვეყნებს.

TESS 18 აპრილს დედამიწის გარშემო სუპერ ელიფსურ ორბიტაზე Falcon 9-ის საშუალებით განთავსდა. ის განსაკუთრებით ისეთ ეგზოპლანეტებს ეძებს, რომლებიც შესაძლოა მზის სისტემასთან ახლოს მდებარე ვარსკვლავების გარშემო ბრუნავდნენ. TESS ასეთ ობიექტებს ფოტოებს უღებს და მათი სინათლის ინტენსივობას აკვირდება. თუ მათ გარშემო პლანეტა მოძრაობს, ის თავის ვარსკვლავს ნაწილობრივ დაფარავს და სინათლის ინტენსივობის შემცირებას გამოიწვევს.