CES 2020: სმარტფონი, რომლის კამერაც ქრება — OnePlus Concept One
CES 2020-ის მეორე დღეს OnePlus-მა სტენდზე Concept One წარადგინა, სმარტფონის თიზერი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, ამჯერად კი ის რეალურ ცხოვრებაშიც ვიხილეთ. თუმცა სმარტფონი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა და უცნობია გამოუშვებს თუ არა კომპანია ამ მოდელს გასაყიდად.
Concept One საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, წინა პანელზე არ ვხვდებით არანაირ ჭრილს, კამერა მოტორიზებულია და ზემოდან ამოდის. სმარტფონის უკანა მხარე პრემიალურია — ტყავის კორპუსში სპეციალური მინაა ჩასმული, რომელსაც შეუძლია, რომ გამჭვირვალობა შეიცვალოს. სწორედ ეს ტექნოლოგია ხდის სმარტფონს განსაკუთრებულს.
ალბათ გაინტერესებთ თუ როგორ ხდება შუშა გაუმჭვირვალე. შუშის ორ ფენას შორის მოქცეულია კიდევ ორი გამტარი შრე, მათ შორის კი ელექტროქრომული ფენაა. გამტარ ფენებში ელექტროენერგიის გატარებით კი შუშა გამჭვირვალობას იცვლის.
ამ ტექნოლოგიას McLaren თავის მანქანებში იყენებს. მაგალითად, McLaren 720S-ს მინის ჭერი აქვს, რომლის დამუქებაც მძღოლს სურვილისამებრ შეუძლია.
მინის გამჭვირვალობის შეცვლას ძალიან ცოტა დრო სჭირდება — ჩართვიდან 0,7 წამში თქვენი კამერა მზად იქნება ფოტოს გადასაღებად, რაც ფაქტობრივად ის დროა, რაც აპლიკაციის გახსნას ისედაც სჭირდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი შუშა კამერისთვის ფაქტობრივად ფილტრის ფუნქციასაც ასრულებს, Pro რეჟიმით გადაღების დროს მას გამუქებით შეუძლია, რომ სენსორზე მოხვედრილი სინათლის რაოდენობა შეზღუდოს და ექსპოზიციის დარეგულირებაში დაგეხმაროთ.
როგორც უკვე ვთქვით, OnePlus-ს არ დაუზუსტებია, გამოვა თუ არა გასაყიდად ახალი სმარტფონი. თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კომპანიამ სმარტფონის შესაქმნელად ძალისხმევა არ დაიშურა და თან ის CES-ზეც წარადგინა, რაც საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან სმარტფონს ბაზარზეც ვიხილავთ.
სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES) ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომლის ფარგლებშიც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები საზოგადოებას ტექნოლოგიისა და მეცნიერების სიახლეებსა და ინოვაციურ პროდუქტებს აცნობენ.
კომენტარები