ნასას ახალმა ხომალდმა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, თანაც სასიცოცხლო ზონაში
NASA-ს მისია TESS-მა საცხოვრებლად პოტენციურად ვარგისი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც დაახლოებით დედამიწის ზომისაა და ჩვენგან 100 სინათლის წლითაა დაშორებული. აღმოჩენის შესახებ განაცხადი ჰონოლულუში, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების რიგით 235-ე შეხვედრაზე გაკეთდა.
პლანეტა, ცნობილი როგორც TOI 700 d, მულტი-პლანეტარული სისტემის ნაწილია, რომელიც TOI 700-ის გარშემო ბრუნავს. TOI 700 ჯუჯა ვარსკვლავია და მისი მასა მზის მასის დაახლოებით ორმოცი პროცენტია.
აღმოჩენა ასტრონომებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან TOI 700 d დედამიწის ზომის პოტენციურ საცხოვრებლად ვარგის პლანეტებს შორის ერთ-ერთია.
TOI 700 d ერთ სრულ ბრუნს ვარსკვლავის გარშემო 37 დედამიწურ დღეს ანდომებს და მისი ერთი მხარე მუდმივად მზის სინათლეშია. იგი ვარსკვლავისგან, დედამიწის მიერ მზისგან მიღებული ენერგიის დაახლოებით 86 პროცენტს იღებს.
სისტემის დანარჩენი ორი პლანეტა, TOI 700 b და TOI 700 c განსხვავებულები არიან. ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარე TOI 700 b ერთ სრულ ბრუნს 10 დედამიწურ დღეს ანდომებს. იგი კლდოვანი ზედაპირით გამოირჩევა და ასევე დედამიწის მსგავსია. TOI 700 c კი ერთ სრულ ბრუნს 16 დედამიწურ დღეში ასრულებს და დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა.
თავიდან მიიჩნეოდა, რომ ვარსკვლავი განსაკუთრებით ცხელი იყო და ამის გამო თვლიდნენ, რომ პლანეტა სასიცოცხლოდ არ გამოდგებოდა. თუმცა მკვლევართა ჯგუფმა ეს უზუსტობა მალევე აღმოაჩინა.
"როდესაც ვარსკვლავის პარამეტრები შევასწორეთ, აღმოჩნდა, რომ მისგან მაქსიმალურად დაშორებული პლანეტა, TOI 700 d დედამიწის ზომისაა და საცხოვრებლად პოტენციურად ვარგისია. ასტრონომებს გაუმართლათ, 11-თვიანი დაკვირვების პერიოდში ვარსკვლავზე აფეთქებები არ დაფიქსირებულა, რაც პლანეტის ზედაპირისა და ატმოსფერული მოდელის შექმნის პროცესს ამარტივებს" — აღნიშნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ემილი გილბერტმა, რომელიც კვლევაში იყო ჩართული.
გარდა ამისა, TESS-მა კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. TOI 1338 b დედამიწიდან 1 300 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. იგი დაახლოებით სატურნის ზომისაა. ეს პლანეტა სკოლის მოსწავლემ აღმოაჩინა, რომელიც TESS-თან თანამშრომლობდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები