ზაფხულის ცხელი დღეები ხშირად დაუნდობელია ცხოველებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც წყლის რესურსი იშვიათია. ცნობილია, რომ ცხოველები რომლებიც დიდ კოლონიებში ცხოვრობენ ხშირად ვალდებულნი არიან თავიანთი კოლონიის გადარჩენისთვის წყალი მოიმარაგონ. ზაფხულში მუშა ფუტკრები ხშირად უარს ამბობენ ნექტარის მოპოვებაზე და მთლიანად წყლის მომარაგებაზე არიან გადართულნი, რაც მათთვის საკმაოდ რთული საქმიანობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრები გამოირჩევიან აეროდინამიკურობით, მათი ფრთები არც ისე ძლიერია. წყლის ძიებაში მყოფი ფუტკრები ხშირად ვარდებიან წყალში და აფრენას ვეღარ ახერხებენ, თუმცა როგორც მეცნიერებმა შენიშნეს, მათ წყალზე გადაადგილების გასაოცარი უნარი აქვთ, რაც ნაწილობრივ მათი ფრთების მოძრაობის უნიკალურობითაა განპირობებული.

კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (კალტექი) მეცნიერმა კრის როჰმა შეამჩნია, რომ შადრევანში ჩავარდნილი ფუტკრები წყალში ნავიგაციისას ფრთებს უცნაურად ამოძრავებენ. კრისის დაკვირვებით, წყალში ჩავარდნილი ფუტკრები ფრთებს ნიჩბებივით იყენებდნენ, რომელთა მოძრაობაც უცნაურ ტალღებს წარმოქმნიდა. ამ უცნაურ გადაადგილების შესასწავლად როჰმა რამდენიმე ფუტკარი ლაბორატორიაში გადაიყვანა, სადაც კოლეგა მორი გარიბთან ერთად დეტალურად გამოიკვლია ფუტკრების წყალში მოძრაობა და ანალიზისთვის მცურავ ფუტკრებს ვიდეოები გადაუღო.

ფუტკრის ფრთა საკმაოდ ადჰეზიურია, რაც მის წყალთან მიკრობას განაპირობებს. რადგან ფუტკარს წყლიდან პირდაპირ აფრენა არ შეუძლია, ის უახლოესი ნაპირისკენ იწყებს გადაადგილებას. ფუტკრის ფრთები ნიჩბისებრი მოძრაობით, წყლის ზედაპირზე მაღალი ამპლიტუდის ტალღებს წარმოქმნის, რისი დახმარებითაც ის გადაადგილებას ახერხებს.

როჰის დაკვირვებით, ფუტკრის ფრთის მოძრაობა წყალში და ჰაერში ძალიან განსხვავებულია. ჰაერში, ფუტკრის ფრთები ღერძიდან 90-120 გრადუსის გადახრით მოძრაობენ, წყალში კი 10-ით. კალტექის მეცნიერების დაკვირვებით, ფუტკრების ფრთების მსგავსი მოძრაობა უნიკალურია და ცხოველთა სამყაროში მისი მსგავსი არ შეინიშნება.

მეცნიერის ვარაუდით, ეს ფუტკრის ერთვარი ადაპტაციაა, რომელიც ფუტკრებს წყალში ჩავარდნის შემთხვევაში გადარჩენის შანსს აძლევს. წყალში ჩავარდნის შემთხვევაში ფუტკრები უახლოეს ნაპირამდე ცურავენ, შემდეგ ცოტა ხნის განმავლობაში შრებიან და დანიშნულებისკენ ფრენას აგრძელებენ.