რუსეთის ერთ-ერთ სოფელს 60-მდე თეთრი დათვი შეესია
რუსეთის ჩრდილოეთში, ჩუკოტკაში ერთ-ერთ სოფელში 56 პოლარული დათვი შეიჭრა, მათ შორის არიან ბელებიც.
სოფელში ყველა საზოგადოებრივი აქტივობა შეწყდა, სკოლებს კი დარაჯები იცავენ.
კონსერვაციონისტები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა, კლიმატური ცვლილებები იყოს. სანაპიროზე ყინულის შემცირების გამო დათვები საკვების მოსაპოვებლად ზღვის ნაცვლად, შესაძლოა, ახლომდებარე სოფლებს ირჩევდნენ. ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ დათვების ვიზიტების გახშირების გამო სოფელი მაცხოვრებლებმა სამუდამოდ უნდა დატოვონ.
ტატიანა მინენკომ, რომელიც სოფელ რაირკიპის დათვების კონტროლის პროგრამის ხელმძღვანელია, Ria Novosti-ს განუცხადა, რომ სოფელში 56 დათვი დათვალეს. მისი თქმით, დათვებს შორის იყვნენ მდედრებიც და მამრებიც, ისევ როგორც სხვადასხვა ასაკის ბელები. ტატიანას თქმით, ყველა მათგანი გამხდარი იყო.
თეთრი დათვები, როგორც წესი, შმიდტის კონცხზე ცხოვრობენ, რომელიც რაირკიპიდან 2,2 კილომეტრითაა დაშორებული. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენელი მიხაილ სტიშოვი აცხადებს, რომ რეგიონში განსაკუთრებით თბილი ამინდებია.
"ძლიერი ყინულის შემთხვევაში დათვები, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც, ზღვისკენ წავიდოდა, სადაც ისინი სელაპებზე და პოლარულ კურდღლებზე ინადირებდნენ. წყლის გაყინვის მოლოდინში კი ისინი საკვების მოსაპოვებლად სოფლებს აკითხავენ.", — ამბობს ის.
ამავე თემაზე:
კომენტარები