არდიმ ჰოსპიტალების ქსელ ACIBADEM Healthcare Group-თან მემორანდუმი გააფორმა
სადაზღვევო კომპანია არდი საერთაშორისო პროვაიდერების ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას სამედიცინო ქსელ ACIBADEM-თან იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, არდის 60 000-მდე დაზღვეული დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს მომსახურებას აჯიბადემის საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში.
აჯიბადემის სამედიცინო ქსელი მსოფლიოში სიდიდით მეორეა. ქსელი მოიცავს 22 საავადმყოფოსა და 15 სამედიცინო ცენტრს ოთხ ქვეყანაში (თურქეთი, ბულგარეთი, მაკედონია და ჰოლანდია), სადაც პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. აჯიბადემის სამედიცინო სისტემა მსოფლიოში სამაგალითოა და მაღალი ხარისხის მენეჯემენტითაც გამოირჩევა. ჰყავს საერთო ჯამში 22 500 თანამშრომელი, მათ შორის 3 000 მაღალკვალიფიციური ექიმი და 4 000 მედდა. კომპანია ფლობს ონკოლოგიის, ორგანოების გადანერგვის, გულის და სხვა მულტიდისციპლინარულ ცენტრებს, სადაც ავითარებენ მკურნალობის მეთოდებს და მუშაობენ უახლესი ტექნოლოგიებით. ქსელი წარმატებულია არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ევროპასა და ამერიკაში.
"პაციენტები ჩვენთან სამკურნალოდ იმიტომ ჩამოდიან, რომ მათთან სათანადო დამოკიდებულება გვაქვს და უახლესი ტექნოლოგიებიც გაგვაჩნია", — ამბობს აჯიბადემის ქსელის დირექტორი მურატ ფექმეზოღლუ.
არდი საერთაშორისო პროვაიდერებთან 2015 წლიდან თანამშრომლობს და უკვე 1 000-მდე ადამიანმა ისარგებლა კომპანიის საერთაშორისო პარტნიორი კლინიკების მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ დაზღვეულს შეუძლია მხოლოდ მეილის ან სატელოფონო ზარის საშუალებით გამოთქვას საზღვარგარეთ მკურნალობის სურვილი, ხოლო ორგანიზების საკითხებზე დრო და ფული საერთოდ არ დახარჯოს. არდი სწრაფად მოიძიებს ნებისმიერი სახის სამედიცინო გამოკვლევებს საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში და გაგზავნის მათ შესაბამისი წესით საზღვარგარეთ. შემდეგ, დაზღვეული მიიღებს სრულ ინფორმაციას მკურნალობის გეგმასა და შემთხვევის დაფინანსების შესახებ. არდის სერვისში შედის ასევე სასტუმროს მოძებნა, ჯავშანი და ტრანსპორტირების დაგეგმვა. ხოლო არდის თანადაფინანსება მოხდება საქართველოში არსებული წამყვანი კლინიკების ფასით თურქეთში ჩატარებულ ანალოგიურ მომსახურებაზე.
ხშირად პაციენტებს ე.წ. მეორე სამედიცინო აზრის მოსმენის ანუ დიაგნოზის გადამოწმების სურვილი აქვთ, ამ მხრივ აჯიბადემის სამედიცინო სერვისი მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.
"აჯიბადემთან თანამშრომლობა დაეხმარება ადამაიანებს, რომ ჰქონდეთ მეტი საშუალება იმ სისტემაში ჩაერთონ, რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული ხელმისაწვდომობაზე. როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები კონცენტრირდებიან ქვეყნის შიგნით, ახლა კი დაზღვეულებს სურვილისამებრ შეუძლიათ წავიდნენ ქვეყნის მიღმა", — ამბობს სადაზღვევო კომპანია არდის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.
გარდა ამისა, არდის დაზღვეულები აჯიბადემის კლინიკების ქსელში პრივილეგირებული 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ნებისმიერ მომსახურებაზე, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებასა და პლასტიკურ ოპერაციებზე. ამ შეთანხმების შემდეგ არდის მომხმარებლებისთვის სამედიცინო მომსახურების არეალი და საავადმყოფოების არჩევანი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
კომენტარები