რატომაა ზოოპარკები კარგი, უფრო სწორად, საჭირო
თანამედროვე ზოოპარკები ბევრად მეტია, ვიდრე ცხოველების უბრალო კოლექცია
ალბათ უკვე გაიგეთ, რომ თბილისის ახალ ზოოპარკში ბინას ჟირაფებიც დაიდებენ. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც ირკვევა, ახალ ზოოპარკში აფრიკის სავანე იქნება, რომელიც დაახლოებით 10 ჰექტარს დაიკავებს, რაც ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ძველი ზოოპარკის ტერიტორია.
სწორედ აქ დასახლდებიან ჟირაფები, ანტილოპებთან, ჰიპოპოტამებთან, მარტორქებთან და ზებრებთან ერთად.
ამ სიახლეს ხალხის ერთი ნაწილი სიხარულით შეხვდა, მეორე ნაწილი კი პირიქით, რაც ფეისბუქზე დატოვებულ კომენტარებშიც გამოიხატა:
საზოგადოებაში ზოოპარკების ავკარგიანობაზე საუბარი ხშირადაა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზოოპარკში ცხოველები ფიზიკურად და მენტალურად იტანჯებიან. მეორე მხრივ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ ზოოპარკები ცხოველების კონსერვაციასა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ადამიანები ამბობენ, რომ შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში ცხოველები ზოოპარკებში სულაც არ იტანჯებიან.
ცალსახაა, რომ მსოფლიოში არსებობს ზოოპარკები, რომლებშიც ცხოველები ნაკლებად სახარბიელო, ზოგჯერ კი, სამწუხაროდ, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. გარდა ამისა, ისეთ ზოოპარკებშიც კი, რომლებშიც ცხოველები ადეკვატურ გარემო პირობებში იმყოფებიან, გაუმჯობესების პოტენციალი ყოველთვის არის.
თუმცა, ის ფაქტი, რომ გაუმართავი ზოოპარკები არსებობს, არ ნიშნავს, რომ ზოოპარკები ცუდია. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ გაუმჯობესებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი დახურვაზე, უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.
ზოგიერთი ადამიანი ცხოველების ნებისმიერი ფორმით დატყვევების წინააღმდეგია, თუმცა კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ტყვეობად. თუ რომელიმე ეროვნულ პარკს შემოვღობავთ, უნდა ვთქვათ თუ არა, რომ იქ მცხოვრები ცხოველები ტყვეობაში არიან?
ყველა ვთანხმდებით, რომ არაადეკვატურად პატარა ტერიტორიაზე ცხოველების მოთავსება არაეთიკურია და, უმეტესწილად, ზოოპარკში არსებული ცხოველების დიდი ნაწილიც ნამდვილად ტყვეობაში იმყოფება. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ტყვეობის რაიმე აბსოლუტური ცნების განსაზღვრა რთულია და მისი არსი ცხოველებზე ზრუნვაში ჩადებული ძალისხმევისა და მათთვის შექმნილი პირობების მიხედვით იცვლება.
ერთი რამ, რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ არსებობს მრავალი სახეობა, რომელთა ყოლაც ზოოპარკში ისეა შესაძლებელი, რომ მათ სიცოცხლის მაღალი ხარისხი ჰქონდეთ, ზოგჯერ იმაზე უფრო მაღალიც, ვიდრე ველურ ბუნებაში.
მართალია, მათი მოძრაობა, შესაძლოა, შეზღუდული იყოს (ამ პრობლემის მინიმუმამდე დაყვანაა შესაძლებელი), თუმცა, მეორე მხრივ, მათ აქ მტაცებლებისგან საფრთხე არ დაემუქრებათ და მათ არც ცოცხლად შეჭამენ. მათ უმკურნალებენ დაავადებებზე, მოაშორებენ პარაზიტებს, მოუვლიან და შესაბამისად გამოკვებავენ. იმის თქმა, რომ ბუნებაში, თავისუფლად სიცოცხლე ავტომატურად კარგ სიცოცხლეს ნიშნავს, გულუბრყვილობაა.
კარგი ზოოპარკები ცხოველებისთვის შესაბამის, ოპტიმალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნიან და მათზე ზრუნავენ.
კონსერვაცია
გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით მსოფლიოში არსებული სახეობების დიდ ნაწილს გადაშენების საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში კი ეს საფრთხე უეცრად გვევლინება, — იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ რეგირება შეგვიძლია.
ზოოპარკები ასეთ სახეობებს გადაშენებისგან იცავს.
ზოოპარკებში მცხოვრები ცხოველები ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ბუნებაში მათი გადაშენების შემთხვევაში ესა თუ ის სახეობა სამუდამოდ არ დაიკარგება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახეობების უკვე არც ისე მცირე რაოდენობა მხოლოდ ზოოპარკებში არსებობს (სამწუხაროდ). ზოოპარკები ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ცხოველები, რომლებიც გადაშენდნენ, ბუნებაში ზოოპარკებიდან დავაბრუნოთ.
ზოოპარკებისა და ცხოველებისთვის შექმნილი დაცული ტერიტორიების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა და გარემოში ბიომრავალფეროვნება იმაზე მცირე იქნებოდა, ვიდრე ახლაა.
განათლება
ზოოპარკის კიდევ ერთი დადებითი თვისება მისი საგანმანათლებლო დანიშნულებაა. ქალაქში მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი გარეულ ცხოველს ბუნებაში ვერასდროს ნახავს. კი, დოკუმენტური ფილმებით მათზე დიდძალი ინფორმაციის მიღება შეიძლება, თუმცა ეს ცოცხალი არსების წინ დგომას და მასზე პირდაპირ დაკვირვებას ვერასდროს ჩაანაცვლებს. გარეული ცხოველების პირადად ნახვას უდიდესი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია, რამაც, შესაძლოა, ბევრი ადამიანი ბუნების მიმართ მოკრძალებითა და პატივისცემით განაწყოს.
გარდა ამ უშუალო კონტაქტისა, ზოოპარკები დამთვარიელებლებს ცხოველებზე ინფორმაციას სხვა მრავალი ხერხითაც აწვდიან, იქნება ეს საინფორმაციო დაფები, თუ რაიმე სხვა პროექტები.
კვლევა
თუ ჩვენ ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვა გვსურს, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ცხოვრობენ, რეაგირებენ და იქცევიან ცხოველები. ზოოპარკებში კი მათი ცხოვრების ციკლის შესწავლა ბევრად უფრო მარტივია. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ბუნებაში მყოფი ცხოველების დაცვა და მათზე ზრუნვა უკეთ შეგვეძლება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ზოოპარკები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სახეობების გადარჩენისთვის მნიშვნელოვან ისნტრუმენტს წარმოადგენენ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაფერისი პირობების მქონე ზოოპარკების მიმართ პროტესტის რეალური საფუძველი არ არსებობს.
ამავე თემაზე:
კომენტარები