ორანგუტანი სანდრა, რომელიც სასამართლომ პიროვნებად აღიარა, ფლორიდაში სახლდება
სანდრა 33 წლის ორანგუტანია, რომელიც არგენტინის სასამართლომ პიროვნებად აღიარა. ახლა კი ის ახალ ცხოვრებას ფლორიდაში იწყებს.
"ის თავდაპირველად ძალიან მორცხვი იყო, თუმცა როდესაც ახალ სახლში სათამაშოები, საქანელები და მდელოები დაინახა, მან არეალის დათვალიერება დაიწყო. ის აქ საკუთარ ახალ მომვლელებს შეხვდა. ის ახალ კლიმატსა და გარემო პირობებს კარგად ეგუება, ისევე როგორც ცენტრში მცხოვრებ სხვა მაიმუნებს. სანდრა ათწლეულზე მეტია სხვა ორანგუტანებს არ შეხვედრია და ჩვენ მას დანარჩენებს მხოლოდ მაშინ შევახვედრებთ, როცა ის მოისურვებს. აქ სანდრას თავისუფლებას ვუქმნით და ჩვენ ამით მადლიერები ვართ", — აცხადებს ადამიანის მსგავსი მაიმუნების ცენტრის დირექტორი პატი რაგანი.
მოსამართლე ელენა ლიბერატორმა 2015 წელს განაცხადა, რომ სანდრა ლეგალურად ცხოველი არ არის, ის პიროვნებაა, ოღონდ არა ადამიანი. პიროვნების სტატუსის გამო კი მას გარკვეული უფლებები გაუჩნდა, მაგალითად, უკეთეს გარემო პირობებში ცხოვრების უფლება.
"ამ გადაწყვეტილებით მინდოდა საზოგადოებისთვის რაღაც ახალი მეთქვა, მათთვის შემეტყობინებინა, რომ ცხოველები მგრძნობიარე არსებები არიან და მათი უპირველესი უფლებაა, რომ ჩვენ პატივისცემით ვეპყრობოდეთ", — განაცხადა მოსამართლემ.
ამ დრომდე, უკეთესი ალტერნატივის არარსებობის გამო, სანდრა არგენტინაში, მოძველებულ ზოოპარკში ცხოვრობდა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიხურა. ახლახან, სექტემბერში ის აშშ-ში გადაიყვანეს და ერთთვიანი კარანტინის შემდეგ ის ახლა უკვე ფლორიდაშია.
ცენტრში სანდრა ცირკებიდან, სასცენო წარმოდგენებიდან და ეგზოტიკური ცხოველების ბაზრობებიდან დახსნილ 21 ორანგუტანს და 31 შიმპანზეს შეუერთდა.
კომენტარები