გერმანიაში ცირკიდან გამოქცეული ზებრას მოკვლამ პროტესტი გამოიწვია
გერმანიის ცხოველთა დაცვის სააგენტომ ცირკიდან გამოქცეული და ავტომაგისტრალზე გადასული ზებრის მოკვლის შედეგად საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
გალიიდან ჯამში ორი ზებრა გაიქცა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საცირკო დასი გერმანიაში, ქალაქ ტესინის მახლობლად ბანაკდებოდა.
შესაბამისმა სამსახურებმა პირველი ცხოველის დაჭერა მოახერხეს და ის ზოოპარკში უსაფრთხოდ დააბრუნეს. მეორე ზებრა, სახელად პუმბა ავტომაგისტრალზე მოხვდა, რის გამოც ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზიანებულა, თუმცა პოლიციელი, რომელიც ზებრის ხელით დაჭერას ცდილობდა, მცირედით დაშავდა.
პოლიციელები ცირკის თანამშრომლებთან ერთად ზებრის დაჭერას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ კი შესაბამისმა სამსახურებმა ცხოველს ესროლეს.
ქალაქის წარმომადგენელის თქმით, დამაძინებელი ტყვიის გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო, რადგან ზებრა საფრთხეს წარმოადგენდა, მისი თქმით, ცხოველს დაახლოებით 60 მეტრიდან ესროლეს.
თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ ზებრას სულ რაღაც 10 მეტრის მანძილიდან ესროლეს.
"საფრთხე არ არსებობდა. ზებრა გადაღლილი და დასტრესილი იყო, მას თავი ჩაქინდრული ჰქონდა", — აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცირკის მფლობელები აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
კომენტარები