ორეგონში მოსწავლეებს დასასვენებლად ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეების აღება შეეძლებათ
ახალი კანონის მიხედვით, ორეგონში სტუდენტებს მენტალური ჯანმრთელობის დღეების აღება და დასვენება შეეძლებათ. ისევე, როგორც, ეს გაციების ან ავადმყოფობის შემთხვევაში ხდება.
სტუდენტებს თვეში ხუთი ასეთი დღის გამოყენება შეეძლებათ. ახალი კანონის მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოთხმა თინეიჯერმა შტატის მთავრობას მოთხოვნით მიმართა. თინეიჯერების თქმით, მათი მიზანი მენტალური ჯანმრთელობის გარშემო არსებული სტიგმების შეცვლაა.
18 წლის ჰეილი ჰარდკასტლის თქმით, მას სურს ახალგაზრდებს ფსიქიკური პრობლემების შესახებ ღიად საუბრისკენ მოუწოდოს. ორეგონის ჯანდაცვის ორგანოს ინფორმაციით მე-8 კლასელების 17 პროცენტს სუიციდზე სერიოზულად უფიქრია.
ამ დრომდე სკოლებს ბავშვების გათავისუფლება მხოლოდ ფიზიკური დაავადებების შემთხვევაში ევალებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები ფსიქიკური ჯანრმთელობის საკითხზე ახლა უფრო ღიად საუბრობენ, არ არსებობს კანონი, რომელიც სკოლებსა და კომპანიებს მენტალური პრობლემების დროს თანამშრომლებისა და მოსწავლეების გათავისუფლებას დაავალდებულებს.
მშობლების ნაწილმა თინეიჯერების ინიციატივა გააკრიტიკა. მათი თქმით ახალი კანონი ბავშვებს სკოლის გაცდენისთვის დამატებით მიზეზებს მისცემს.
ჰეილი კი აცხადებს, რომ თუ მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ სკოლა ფსიქიკურ პრობლემებს აღიარებს, მათ ამ პრობლემების შესახებ საუბარი უფრო ღიად და ადვილად შეეძლებათ.
კომენტარები