ფილიპინებზე ცხელი კლიმატის გამო 2 მილიონი კგ-ით ზედმეტი მანგო მოვიდა
ფილიპინების მთავრობა უჩვეულო პრობლემის წინაშე დგას. ქვეყანაში დააახლოებით ორი მილიონი კილოგრამი ზედმეტი მანგოა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მდივნის, ემანუელ პინოლის ტქმით, მანგოს ფერმერები მოსავლის უჩვეულო ზრდაზე საუბრობენ. ამის მიზეზად კი კლიმატურ ფენომენს, ელ-ნინიოს ასახელებენ, რომლის გამოც ფილიპინებზე წელს განსაკუთრებით ცხელი და მშრალი ამინდი იყო.
პინოლის თქმით, გადაჭარბებული მოსავლის გამო ერთი კილოგრამი მანგოს ფასი 58 ფილიპინური პესოდან 25-მდე შემცირდა.
თუ გადაჭარბებული მოსავლის გაყიდვა და გადამუშავება ვერ მოხდება, მილიონობით კილოგრამი მანგო დალპება, რაც ამ ხილის ფასს კიდევ უფრო შეამცირებს. ეს კი ფერმერებზე საბოლოოდ დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს.
"პრობლემის გადასაჭრელად მომდევნო ორი კვირა გვაქვს", — აცხადებს პინოლი.
ორი მილიონი კილოგრამი მანგოს ლპობისგან გადასარჩენად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ფილიპინების დედაქალაქის ქუჩებში მანგოს გასაყიდი სტენდები მოეწყობა. სამინისტრო კულინარიულ კურსსაც ატარებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მოსახლეობას მანგოთი სხვადასხვა კერძის გაკეთებას ასწავლის. ივნისში კი ქვეყანაში მანგოს ფესტივალიც ჩატარდება.
შექმნილი სიტუაციის გამო ფერმერები მოსავალს უსასყიდლოდაც არიგებენ. იაპონურმა კომპანიამ ფილიპინებისგან 100 000 კილოგრამი მანგოს შეძენის სურვილი დააფიქსირა, თუმცა დანარჩენი 1,9 მილიონი კილოგრამი მანგოს საბოლოო ბედი ჯერ კიდევ უცნობია.
კომენტარები