ახალი Mac Pro-ს ფასი $6 ათასიდან იწყება და, დიდი ალბათობით, $35 ათასს გადააჭარბებს
გუშინ Apple-მა ახალი Mac Pro წარადგინა, რომლის საწყისი ფასიც 6 ათასი დოლარია, თუმცა პრეზენტაციაზე კომპანიას ყველაზე მაღალი აღჭურვის Mac Pro-ს ფასი არ დაუზუსტებია, მიუხედავად ამისა, ცნობილია იმ კომპონენტების მიახლოებითი სია, რომლებსაც ეფლი Mac Pro-ს უფრო ძლიერ მოდელებში გამოიყენებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შესაძლებელია ვივარაუდოთ, თუ რა ეღირება ყველაზე ძლიერი Mac Pro.
გამოთვლებით ირკვევა, რომ ყველაზე ძლიერი Mac Pro-ს ფასი მინიმუმ 34 ათასი დოლარი უნდა იყოს. ხოლო, თუ ოთხ ვიდეო ბარათსაც გავითვალისწინებთ ფასი 45 ათას დოლარს აღწევს.
ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მონიტორი არ შედის.
ამ ფასის გადახდის შემთხვევაში თქვენ უძლიერეს კომპიუტერს მიიღებთ: 28-ბირთვიან Intel Xeon W პროცესორს, 1,5 ტერაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას, 4-ტერაბაიტიან SSD მახსოვრობას და ორ AMD Radeon Pro Vega II Duo ვიდეო ბარათს.
თუ დამატებით 5 ათასი დოლარიც არ დაგენანებათ, შეგიძლიათ ეფლის ახალი Pro Display XDR მონიტორიც შეიძინოთ, რითაც საბოლოო ფასს 50 ათას დოლარამდე დაამრგვალებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოთვლები ამ კომპონენტების საბაზრო ფასებით არის ჩატარებული, ხოლო ეფლი, როგორც წესი, წინასწარ აწყობილ კომპიუტერებს ბევრად უფრო ძვირად ყიდის.
ერთი ცალი Mac Pro — $6 000
ამ გამოთვლებისთვის პირველად Mac Pro-ს ბაზისური მოდელის შეძენა მოგვიწევს, რომელიც დედადაფას, კვების ბლოკს, თბოგამანაწილებელს, გამაგრილებელ სისტემას, კორპუსს, პროცესორსა და ვიდეოდაფას შეიცავს, თუმცა ამ ბოლო ორ კომპონენტს მალევე ჩავანაცვლებთ.
თორმეტი ცალი 128 GB DDR4 ECC ოპერატიული მეხსიერება — $17 867
ახალ Mac Pro-ს ოპერატიული მეხსიერებისათვის 12 თავისუფალი ბუდე გააჩნია. მაქსიმალური, 1,5-ტერაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მისაღებად 12 ცალი 128 GB-იანი ჩიპი დაგვჭირდება, თითოეულის ფასი კი დაახლოებით $1 388 დოლარია. 18 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ ახლა უკვე შეძლებთ, რომ ქრომის იმდენი ტაბი გახსნათ, რამდენიც მოგესურვებათ.
ორი ცალი 2-ტერაბაიტიანი SSD მახსოვრობა — $2 400
ეფლი iMac Pro-ს 4-ტერაბაიტიან მოცულობამდე გასანახლებლად $2 400-ს ითხოვს, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფასი Mac Pro-ს შემთხვევაშიც იგივე იქნება.
Intel-ის ერთი ცალი 2,5-გიგაჰერციანი და 28-ბირთვიანი Xeon W პროცესორი — $7 453
ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება საუკეთესო პროცესორი, რომელიც ბაზარზეა ხელმისაწვდომია. ეფლი არ აზუსტებს, თუ რომელ 28-ბირთვიან Xeon პროცესორს გამოიყენებს Mac Pro-ს შემთხვევაში, თუმცა პროცესორების მოდელებს თუ გადავხედავთ, ყველაზე რეალური ვარიანტი Intel Xeon W-3275M არის. ეს, დიდი ალბათობით, არ იქნება ზუსტად ის პროცესორი, რომელსაც ეფლი გამოიყენებს, თუმცა ეს ვარაუდი რეალობისგან დიდად დაშორებული არ უნდა იყოს.
ორი ცალი AMD RADEON PRO VEGA II — სავარაუდო ფასი, მინიმუმ $12 000
AMD-მ ახალი Radeon Pro Vega II ვიდეო ბარათების შესახებ ინფორმაცია Mac Pro-ს წარდგენის პარალელურად გაავრცელა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია.
ერთი ცალი Vega II Duo ორ ვიდეო ბარათს მოიცავს, შესაბამისად, Mac Pro-ში ჯამში ოთხი ვიდეოდაფის ქონაა შესაძლებელი.
თუ ჩავთვლით, რომ Vega II-ის ფასი Nvidia-ს პროფესიონალური სერიის ყველაზე ძლიერი ვიდეოდაფის Quadro RTX 6000-ის ფასის მსგავსი იქნება, რომელიც დაახლოებით $6 300 ღირს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორი ცალი Vega II Duo-ს ფასი მინიმუმ $12 000 იქნება.
ერთი ცალი Apple Pro Display XDR მონიტორი — $5 000
ეფლმა Mac Pro-სთან ერთად ახალი მონიტორიც წარადგინა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უფრო იაფი მონიტორი გამოიყენოთ, თუმცა თუ ეფლის პროდუქტში $45 000-ს იხდით, ჩავთვალოთ, რომ ერთ მონიტორში $5 000-ს მიცემაც არ დაგენანებათ. ასევე შეგიძლიათ, რომ არა ერთი, არამედ ექვსი მონიტორი შეიძინოთ. Mac Pro-ში ერთდროულად ექვსი ეკრანის შეერთება შეგიძლიათ.
ეფლის ერთი ცალი მონიტორის სადგამი — $1 000
თუ ფიქრობდით, რომ ეფლი მონიტორს სადგამთან ერთად ყიდდა, ცდებით. მონიტორის სადგამი დამატებით ათასი დოლარი დაგიჯდებათ.
კლავიატურა და ტაჩპედი — $228
ეფლი ამჟამინდელი Mac Pro-სთვის კლავიატურასა და ტაჩპედს ცალკე ყიდის, საეჭვო იქნება ჩავთვალოთ, რომ ეფლი $45 000-იან კომპიუტერს კლავიატურასა და მაუსს უფასოდ მოაყოლებს.
კომენტარები